ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. განსხვავებული უნარები, შესაძლებლობები და ინტერესები, განსხვავებული გარემო და ცოდნის მარაგი აქვთ. სწორედ იმიტომ, რომ ყველა ბავშვი განსხვავდება სხვა დანარჩენისგან, იმიტომ, რომ ყველას განსხვავებული სწავლის სტილი აქვს, განვითარების ხელშეწყობაც ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამერიკელი ფსიქოლოგი ჰოვარდ გარდნერი, სწორედ ამ განსხვავებებზე აკეთებდა აქცენტს, ჯერ კიდევ 1983 წელს შექმნილ მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაში. ინტელექტი, როგორც ცოდნის შეძენის და გამოყენების უნარი, გარდნერის აზრით, ცხრა სახის შეიძლება იყოს. თითოეულ ბავშვთან ინტელექტის ამ სახეების გარკვეულ კომბინაციას ვხვდებით და შესაბამისად სწავლის სტილიც, მიდგომაც, რომელიც სასურველ შედეგზე გაგვიყვანს, ამ უნარების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.
1. ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი: ინტელექტის ამ ფორმით გამორჩეული ბავშვები აზროვნებისას სივრცესთან დაკავშირებულ ცნებებს იყენებენ. უყვართ ხატვა, ფაზლების აწყობა, შესაძლოა, რუკებითაც იყვნენ გატაცებულნი. აზროვნებისას ეყრდნობიან სქემებს, ფიზიკურ და ვერბალურ ნახატებს. ამიტომაც ამ ბავშვების განვითარებაზე ზრუნვისას აქცენტი უნდა გაკეთდეს სქემებით, ცხრილებით, სურათებით გამდიდრებული ტექსტების, ვიდეოების, მულტიმედიის გამოყენებაზე.
2. სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი: ამ ინტელექტით გამორჩეული ადამიანები პრობლემის გადაჭრისას ეფექტურად იყენებენ სხეულს (მოცეკვავე, ქირურგი). მათ მოძრაობა უყვართ, შეხება, ნივთების აწყობა/შექმნა. კომუნიკაციისას ეფექტურად იყენებენ სხეულის ენას. სწავლისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის აღჭურვილობის და რეალური, ყოველდღიური საგნების გამოყენება. ეს ბავშვები სწავლობენ როლური თამაშებით, პროცესში აქტიურად ჩართვის გზით.
3. მუსიკალური: მუსიკალური ინტელექტის მქონე ბავშვები რითმის შეგრძნებით გამოირჩევიან და მუსიკის ფონზე, შესაძლოა, უკეთესადაც სწავლობდნენ. განვითარების პროცესის გასახალისებლად, სასურველია, სასწავლო მასალის გარდაქმნა სიმღერის ტექსტებად, გარითმულ საუბრებად. მეთოდი მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რადიოს, სტერეო სისტემებს, CD-ოთახებს, მულტიმედიას.
4. ინტერპერსონალური: სხვებთან ურთიერთობის და სხვების გაგების უნარით გამორჩეული ადამიანები ინტერაქციით სწავლობენ. ბევრი მეგობარი ჰყავთ, ემპათიურები არიან. მათთვის სწავლა ეფექტიანი მაშინაა, თუ სწავლობენ ჯგუფური აქტივობების, სემინარების, დიალოგების საშუალებით.
5. ინტრაპერსონალური: საკუთარი ინტერესებისა და მიზნების გაგების უნარის მქონე ბავშვები შედარებით მორცხვები არიან. თუმცა მოტივირებულობასთან ერთად, გააჩნიათ საკუთარი აზრი, სიბრძნე და თვითრწმენა. ასეთი ბავშვები უკეთესად ვითარდებიან დამოუკიდებლად, წიგნების, დღიურების გამოყენებით.
6. ლინგვისტური: ინტელექტის ამ ფორმით გამორჩეული ბავშვები სიტყვების გამოყენების ოსტატები არიან და აუდიტორიასთან მუშაობაც გამოსდით. მოსწონთ კითხვა, ლექსების და ისტორიების შეთხზვა, სიტყვებით თამაში. მათი ჩართვა სასწავლო აქტივობებში და წახალისება შესაძლებელია ახალი და საინტერესო სიტყვების ჩვენებით, მათთან ერთად წიგნების წაკითხვით.
7. ლოგიკურ-მათემატიკური: ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტის მქონე ბავშვებს მსჯელობისა და გამოთვლის უნარები აქვთ განვითარებული. შეუძლიათ კონცეპტუალურად, აბსტრაქტულად აზროვნება და პატერნებისა და ურთიერთმიმართებების წინასწარ განჭვრეტა. უყვართ ექსპერიმენტირება, ფაზლები. ეფექტიანად სწავლობენ ლოგიკური თამაშების, გამოძიებების, მისტერიების გამოყენებისას. მათ სჭირდებათ, რომ ჯერ საკითხი მთლიანად ისწავლონ და შემდეგ კონცენტრირდნენ დეტალებზე.
8. ნატურალისტური: ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ბუნებისა და გარე სამყაროს წვდომის უნარი. მათ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი, მგრძნობიარე და სამართლიანები არიან. სწავლობენ გარემოში არსებული მოვლენების ურთიერთდამოკიდებულებასა და ცვლილებებს დროში. ისინი კარგად ეცნობიან ბუნებას, ინტერესით სწავლობენ და ხშირად შფოთავენ იმ „მავნე“ ზემოქმედების გამო, რომელსაც ადამიანი ახდენს ბუნებაზე.
9. სულიერი: ასეთი ინტელექტით გამორჩეული ბავშვები ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებული საკითხებით ინტერესდებიან და შესაბამისად, მათთან ურთიერთობისას სწავლის მიმართ ინტერესი შესასწავლი საკითხის გააზრებაზე, მნიშვნელოვნების დანახვასა და კონტექსტთან მიმართებაში განხილვაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ინტელექტი, როგორც ცოდნის შეძენის და გარემოში მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი, ზრდასრულებთან უფრო გამოხატული ხდება იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ზრდასრული თვითონ ირჩევს გარემოსაც, რომელშიც სწავლობს და იმასაც, თუ რას და როგორ ისწავლის. უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვებს მშობლების და მასწავლებლების მიერ დაგეგმილ სამყაროში უწევთ ცხოვრება. მშობლების მიერ შერჩეული გარემო კი ხშირად მშობლის შესაძლებლობებსა და ინტერესებს უფრო შეესაბამება და ნაკლებად არის ორიენტირებული ბავშვის ძლიერი მხარეების წარმოჩენასა და განვითარებაზე. ეს ბუნებრივია, თუმცა ჩვენი, როგორც მშობლების, მასწავლებლების, გარშემომყოფების მიზანია, ვცადოთ და აღმოვაჩინოთ ბავშვის ძლიერი მხარეები და ხელი შევუწყოთ მათ ამ განსხვავებული შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებაში. დააკვირდით როგორ სწავლობს, როგორ თამაშობს, რას ირჩევს და რას აქცევს ყურადღებას ახალ გარემოში მოხვედრისას თქვენი შვილი და დაფიქრდით, რომელი ინტელექტი შეიძლება იყოს წამყვანი? ეს საშუალებას მოგვცემს ბავშვებს ისეთი გარემო შევუქმნათ, რომელშიც შეძლებენ თავიანთი უნიკალური შესაძლებლობების რეალიზებას, გარემო, რომელიც წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული.