მეშვიდე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #24)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #24)

კეთილგონიერმა პენელოპემ ასე მიუგო ევრიკლეას:

- ჩემო გადია, გულისთქმას ნუ ავყვებით. თავადაც იცი, როგორ გაუხარდება ყველას ოდისევსის დაბრუნება, ნამეტნავად კი მე და ჩვენს მხოლოდშობილ ძეს. მაგრამ, რა ვქნა, არ მეჯერება შენი სიტყვა. ეგების ვინმე უკვდავთაგანმა შემუსრა სასიძოები, მათი სიავით განრისხებულმა? ისინი ხომ უკადრისად ექცეოდნენ ყველას. ოდისევსის დაბრუნების იმედი კი გადაწურული მაქვს. ითაკიდან შორს, მოირებმა დაღუპეს იგი

- ეს რა სიტყვა დასცდა შენს კბილთა ზღუდეს! - შეიცხადა ევრიკლეამ, -  აკი გეუბნები, დარბაზში დგას და შენ გელოდება-მეთქი კერიასთან! მუდამ ურწმუნო იყავ და არც ახლა გჯერა ჩემი ნათქვამი. კარგი, მაშ, ამასაც გეტყვი: ხომ გახსოვს, ნადირობისას ტახმა ეშვით რომ დაუშავა წვივი? ფეხს როცა ვბანდი, მენიშნა ის ნაჭრილობევი, მინდოდა შენთვის გამეცხადებინა ეს ამბავი. თავს გეფიცები, მართალს ვამბობ.

- გულისხმიერი ქალი ხარ, ჩემო გადია, მაგრამ ღმერთების განგებას რას შესწვდები! კარგი, კარგი, - დაჰყვა პენელოპე, - ჩავიდეთ ტელემაქესთან, რომ ჩემი თვალით ვიხილო დახოცილნი და შურისმგებელი.

ასე თქვა და ქორედიდან დაბლა დაეშვა დედოფალი. გული ძალუმად უძგერდა, არ იცოდა, რა ექნა, შორიდან შეხმიანებოდა ძვირფას მეუღლეს თუ გადაჰხვეოდა და პირი და მხრები დაეკოცნა მისთვის. ამ ფიქრში ქვის დირეს გადააბიჯა და კერიასთან, ოდისევსის პირისპირ ცეცხლს მიუჯდა. მაღალ სვეტთან ჩამომჯდარ ოდისევსს თვალები დაეხარა და ელოდა, რას ეტყოდა ოცი წლის უნახავი მეუღლე. მდუმარედ იჯდა გაოგნებული პენელოპე, დაკვირვებით უცქეროდა, თითქოს ცნობდაო ჯვალოთი მოსილ ოდისევსს.

ტელემაქემ ყვედრებით მიმართა დედამისს:

- გულქვა ქალი ხარ, დედაჩემო! ცალკე დამჯდარხარ და არაფერს ეკითხები მამას. არც ერთი ქალი არ შეხვდებოდა ასე გულცივად ოცი წლის უნახავ თავის მრავალტანჯულ მეუღლეს.

- ჯერაც გონს ვერ მოვსულვარ, შვილო! - მიუგო პენელოპემ, - ენადაბმულს ძალი არა მაქვს, რამე ვკითხო და მისი შეხედვაც კი მიმძიმს. თუ ეს კაცი მართლაც შინ დაბრუნებული ოდისევსია, ჩვენ თავად გამოვემცნაურებით ერთურთს. აკი მარტო ჩვენ ორმა ვუწყით სხვებისაგან დაფარული ჩვენი საიდუმლო!

ჩაეღიმა ამის გამგონე ოდისევსს, ტელემაქეს მიუბრუნდა და ფრთიანი სიტყვა უთხრა:

- დედაშენს დაეხსენ, ტელემაქე! თავად უკეთ იცის, როგორ გამომცადოს. მაშინ კი უეჭველად მიცნობს. რა გასამტყუნია, რომ ოდისევსად ვერ ვუცნივარ ძონძებში გახვეული ყარიბი? ჩვენს საქმეს მივხედოთ ახლა, რა აჯობებს, როგორ მოვიქცეთ. მოკლულს ერთი შურისმაძიებელიც რომ დარჩეს გვარში, მკვლელს მამაპაპეული მიწიდან გადახვეწა მართებს. ჩვენ კი ითაკის წარჩინებული და სახელოვანი მოყმენი დავხოცეთ. ამაზე იფიქრე ახლა. აი, რას გირჩევ!

- გამჭრიახი და გონებით სწორუპოვარი ხარ კაცთა შორის. ასე გვსმენია, არასოდეს გაცუდებულაო ოდისევსის თათბირი, ამიტომაც თავად შენ იფიქრე ამაზე, - სიტყვა შეუბრუნა ტელემაქემ, - ჩვენ კი უსიტყვოდ ამოგიდგებით მხარში და ჩვენი ძალისაებრ შეგეწევით.

მაშინ ოდისევსმა ასეთი რჩევა მისცა შინაურთ:

- უმჯობესად ეს მიმიჩნევია: უწინარეს ტანი განვიბანოთ და ახალთახალი ქიტონები ჩავიცვათ; მონაქალები საზეიმოდ გამოეწყონ; ღვთაებრივმა მომღერალმა საროკველი ჰანგი დაუკრას, რომ მეზობლებსა და გამვლელ-გამომვლელს ეგონოს,  ქორწილს იხდიანო ოდისევსის სახლში. სანამ სასიძოთა ამბავი მისწვდებათ, მანამდე სოფლად, ჩვენს ბაღ-ვენახებში უნდა გავასწროთ, რომ იქ გულდინჯად ავწონ-დავწონოთ ყოველივე, ვინძლო ზევსი შეგვეწიოს ამ საქმეში!

 

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: