მეშვიდე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #34)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #34)

დღეისათვის დედამიწაზე მობინადრე ცხოველთაგან 1,3 მილიონი სახეობაა აღწერილი. ეს მრავალფეროვანი ჯგუფი აერთიანებს როგორც ვეფხვებს, ასევე მტვრის ტკიპებს, ანემონებსა და უმარტივეს ორგანიზმებს - ღრუბლებს. ცხოველები სახეობებად ერთიანდებიან. ერთი სახეობის წევრები ერთმანეთს ჰგვანან, ერთნაირ გარემოში ბინადრობენ და ცხოვრების ერთნაირი ნირი ახასიათებთ. ისინი წყვილდებიან და მრავლდებიან. ცხოველები ერთადერთი მრავალუჯრედიანი არსებები არიან, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ. მოძრაობა ერთგვარი რეაქციაა გარემოპირობების ცვლილებებზე. ცხოველები ამას ახერხებენ, ვინაიდან მცენარეებივით მკვრივი უჯრედები არ აქვთ. შესაბამისად შეუძლიათ სხეულის ფორმის შეცვლა, სიარული ან ცურვა. გადარჩენისთვის ცხოველები მზა ორგანული ნივთიერებებით ანუსხვა ცოცხალი ორგანიზმებით იკვებებიან.

ცხოველთა ყველა სახეობა ისეა აგებული, რომ შესანიშნავად ეგუება თავის საცხოვრებელ გარემოს. ზღვის გველს ბრტყელი, ნიჩბის ფორმის კუდი აქვს, რომელიც მას ცურვაში ეხმარება. მიწის მთხრელი გველი კი ნიჩბისებური დრუნჩით მიწაში სოროს იოლად თხრის. ორივე გველი დროთა განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა, სანამ გარემოპირობების შესაფერის ფორმას მიიღებდა. ევოლუციის (განვითარების) ამ პროცესს ბუნებრივი გადარჩევა ჰქვია.

ევოლუცია მუდმივი პროცესია, თუმცა მას მიმართულება არ გააჩნია - ცხოველმა შეიძლება ცვლილებებისას გეზი იცვალოს და „საწყისს მიუბრუნდეს“. მაგალითად, ძუძუმწოვრები განვითარდნენ ცხოველისგან, რომლის წინაპარიც თევზი იყო. მოგვიანებით ზოგმა ძუძუმწოვარამ საცხოვრებლად ისევ წყალი აირჩია. მათი ფეხებიც თანდათან ფარფლებად იქცა, სხეულმა კი თევზის სხეულის ფორმა მიიღო. ასე გაჩდნენ დღევანდელი ვეშაპები.

1859 წელს ევოლუციის მამად წოდებულმა ინგლისელმა მეცნიერმა, ჩარლზ დარვინმა ბუნებრივი გადარჩევისა და ევოლუციის იდეა განავითარა თავის წიგნში „სახეობათა წარმოშობა“. მოგვიანებით სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებმაც გაამყარეს დარვინის თეორია.

დარვინმა აღწერა სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ გადარჩენა გარემოსთან შეგუების წყალობით. მათ, სხვებთან შედარებით, გადარჩენისა და გამრავლების უკეთესი უნარი გააჩნიათ.

ზოგჯერ განსხვავებული ორგანიზმები ერთად განიცდიან ევოლუციას. ამას კოევოლუცია ჰქვია. მაგალითად, აკაციის ჭიანჭველები აკაციის ეკლიან ბუჩქთან ერთად განვითარდნენ. ისინი ბუდეს მცენარის ეკლების ღრუში იდებენ და ყველას ნესტრავენ, ვინც კი მისი ფოთლების ჭამას მოისურვებს. სანაცვლოდ, აკაცია ჭიანჭველების გამოსაკვებად ნექტარს გამოყოფს და მსხვილ მუხლებში აგროვებს.

ცხოველთა სამყაროს ორგანიზებული სისტემა 1750 წელს შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ შეიმუშავა. მან ერთნაირი მახასიათებლების მქონე ცხოველები ქვეჯგუფებად დაყო. ყველა ცხოველს თავისი სახეობისა და გვარის მიხედვით უნიკალური მეცნიერული სახელი ჰქვია.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: