მეშვიდე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #5)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

პატარა ვაგონი მოთხილამურეებით იყო გაჭედილი. გაუთავებელი ლაპარაკი ისმოდა. ყველა ცდილობდა სხვისთვის დაესწრო შთაბეჭდილებების გაზიარება, ვაგონის ბოლოში ვიღაც ბიჭები მღეროდნენ.

მატარებელმა ერთი შეჰკივლა და ბაკურიანისაკენ ქშენით და ქოთქოთით შეუდგა აღმართს. მე ლელასკენ გადავიხარე და ხმადაბლა, თითქმის ნიშნისგებით ვუთხარი:

- ასე არ სჯობდა?!

ლელა დუმდა და ფანჯარაში იხედებოდა, უკან რჩებოდა მკრთალად განათებული, თოვლით გადაგლესილი ბაქანი, სადგურის პატარა შენობა, რომლის საკვამური ბოლავდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ფონზე.

ლელას შალის სვიტერსა და შარვალზე თოვლი შეადნა და გარკვევით ემჩნეოდა სველი ლაქები. ეტყობა, შესცივდა. კუთხეში მიიყუჟა და თვალები დახუჭა. წამწამების ჩრდილი დაღლილსა და გაფითრებულ სახეზე ეცემოდა. სინათლე აწეწილ თმაში ალაგ-ალაგ გამდნარი თოვლის წინწკლებს აციმციმებდა.

მატარებელი კივილით მიჰყვებოდა აღმართს, გზადაგზა სვლა უჭირდა, ჩერდებოდა კიდეც, თითქოს სულს იბრუნებსო. მერმე ისევ მოიკრებდა ღონეს, თოვლიან ტყეებს შეჰკივლებდა, ერთს ლაზათიანად შეგვანჯღრევდა და ბორბლების გრუხუნით დაიძრებოდა.

„ასე არ სჯობდა?!“ ვიმეორებდი დაუფიქრებლად, თითქოს ჩემთვის ვღიღინებდი ნაცნობ სიმღერას, მაგრამ უცებ გავიფიქრე: „რატომ სჯობდა ასე?“ რა მოხდებოდა, არ ავჩქარებულიყავი, მხარში შევდგომოდი ლელას და ფრთხილად წამომეყვანა, რომ ნაღრძობი ფეხი არ გაღიზიანებოდა. ასე მოვიდოდით სადგურში... ბოლოს და ბოლოს სადგურში გავათევდით ღამეს, იქ ხომ ღუმელი ენთო და თბილოდა...

ვგრძნობდი, ლელას ფეხი სტკიოდა და ითმენდა. იმასაც ვგრძნობდი, თვალები რომ გაეხილა, ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა და ატირდებოდა. ამიტომ მოიმძინარა თავი. ძილი ნიღაბივით ააფარა მწვავე ტკივილებს.

ვაგონში ვეღარ გავძელი და ბაქანზე გავედი. ბაქანზე ყინავდა და ვინანე, რომ გამოვედი. უკან შებრუნება მინდოდა, მაგრამ ლელასი მრცხვენოდა... მაინც რატომ მეშინოდა, მატარებელს არ გაესწრო... რა ლაჩრულად გავყურებდი ღამეს.

მატარებელი მიჰკიოდა ბაკურიანის დათოვლილ ტყეებს. ბაქანზე ვიდექი და გავცქეროდი ღამის სიბნელეს. უცებ მომეჩვენა, მატარებელს ვიღაც აედევნა. მე თითქოს მოძრავ ლანდს ვხედავდი და ლანდი კოჭლობით მორბოდა. ვაგონში ისევ მღეროდნენ ბიჭები. სიმღერა ახლა უფრო მკაფიოდ ისმოდა, რადგან მოთხილამურეებს უკვე დაეცხროთ ლაპარაკის ჟინი და დაღლილები თვლემად მიგდებულიყვნენ.

- შენ თავაზიანიც იყავი და უშიშარიც... შენ არ შეგეშინდა იმ ბიჭების, გუნდებს, რომ ისროდნენ...  - მესმის მეორე ოთახიდან ცოლის ხმა.

ოჯახში თბილა, ღუმელში ცეცხლი ანთია. სარკმელს მიმდგარი გარეთ ისე ვიხედები, როგორც თევზი აკვარიუმიდან. გავცქერი დიდთოვლობას და ჩემთვის ვამბობ: აჰა, მოვიდა დიდი ზამთარი!

ჩემი ცოლი ოჯახში ტრიალებს და ძალიან უხარია თოვლის მოსვლა, რადგან თოვლი ჩემთან შეხვედრას აგონებს... ცოლს ზედმიწევნით ახსოვს ყველაფერი...

გარეთ თოვს...

 

 

 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური