მეშვიდე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

გარეთ თოვს...

ფანჯრიდან ვხედავ, როგორ თოვს გარეთ და თეთრად როგორ იბარდნება სახურავები, ხეები, ქუჩა და ხალხი. ახლახანს დაიწყო ბარდნა. დაიწყო უცებ, მოულოდნელად, ქუჩას თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნის. ჰაერში პეპლის ფრთისოდენა ფოთლები დაუსრულებლად ირევა და ეფინება ყველაფერს, რაც კი გარეთაა.

- თოვს, - მესმის მეორე ოთახიდან ცოლის ხმა, - გაიხედე. ცოლს ხმაზე ვატყობ, თოვლის მოსვლა უხარია და ვეუბნები:

- ვხედავ.

- ასეთი თოვლი დიდი ხანია არ მინახავს.

არც მე მინახავს დიდი ხანია...

ბუსუსიანი, დიდ-დიდი ფიფქები ფანჯრის მინას ეკრობა და მაშინვე დნება. მინა გარედან სველია და გამდნარი თოვლის წვეთებით დასერილი.

ფილაქანზე მოკიდებულ თოვლს გამვლელები თანდათან ტკეპნიან. მე არ მესმის, მაგრამ ვგრძნობ, როგორ ხრაჭუნებს გამვლელთა ფეხქვეშ ახალი თოვლი.

ზემოდან თბილადშეფუთნული, ლოყებდაწითლებული ბავშვები გამორბიან, თან ციგები გამოაქვთ და თოვლის ცვენასა და ბარდნაში უჩინარდებიან.

- დაინახე ბავშვები? - მეკითხება ცოლი.

- დავინახე.

ოთახში თბილა. ფანჯარასთან ვზივარ, საწერ მაგიდას იდაყვით ვეყრდნობი. ღუმელი ყრუდ, დაგუბული ხმით ბუბუნებს და სითბოს აფრქვევს. კარგია, ოთახში რომ თბილა, ხოლო გარეთ თოვლი მოდის: მგონია, სითბოს ახლა უფრო მეტი ფასი აქვს -მეთქი.

თოვს...

ქუჩა თანდათან ნახატს ემსგავსება და ფიქრების კორიანტელი იდუმალებით მოსავს... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება.

მხარზე ჯერ ხელის შეხებას ვგრძნობ, მერე - თბილი სხეულისას.

- ჩვენი ბავშვებიც ასევე ირბენენ თოვლში, - მეუბნება ცოლი.

- რა თქმა უნდა, - ვეუბნები მე, - რა თქმა უნდა, ასე ირბენენ.

ჩემს თმაში იხლართება ცოლის თითები. ვგრძობ, რაღაც უნდა მითხრას, ვიცი, იღიმება და ნახევრად მოჭუტული თვალებით ჩასცქერის დათოვლილ ქუჩას.

- უცნაურია, - მეუბნება ცოლი, - ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა. ასე არ თოვდა, მაგრამ კარგი ზამთარი იყო შარშან... კარგი ზამთარი... - იმეორებს განსაკუთრებული კილოთი, - ბესიკის ქუჩით მივდიოდი თავქვე. ფეხი მისრიალებდა და მეშინოდა, არ დავცემულიყავი. ქვევით ბიჭი შევნიშნე - ქუჩის კუთხეში გროვად იდგნენ, გოგონებს გუნდებს ესროდნენ, სწორედ ისე, როგორც ესენი.

მართლაც, ჩვენი ქუჩის კუთხეში თოვლში ამოგანგლული ბიჭები ტრიალებდნენ და ჟრიამულით იკლებდნენ იქაურობას, სწრაფად აკეთებდნენ გუნდებს და ქუჩის გადმოღმა ისროდნენ. მე ვერ ვხედავდი, ვის ესროდნენ, მაგრამ ხანდახან წამოკივლება მესმოდა და ვიცოდი, ჩემი ფანჯრის ქვემოთ შეშინებული და, ამავე დროს, მაინც კმაყოფილი ქალიშვილები სხეულის სხარტი მოძრაობით იცილებდნენ გუნდებს და კივილით გარბოდნენ.

- მე იმდენად გუნდის მოხვედრის არ მეშინოდა, რამდენადაც დავარდნისა, - მეუბნება ცოლი, - მეშინოდა, გუნდების სროლისას არ გამსრიალებოდა ფეხი და არ წავქცეულიყავი... ამ დროს შენ ჩამოიარე და გთხოვე, ჩაგეცილებინე. სირცხვილი დავძლიე და სრულიად უცნობ ადამიანს ჩემი შიში გაგიმხილე... შენ ისეთი თავაზიანი იყავი... ისეთი კეთილი...

მე ვუსმენ ცოლს და ქუჩაში ვიხედები. გარეთ ისევ ბარდნის. კრამიტის დაბალი სახურავი სულ მთლად დათოვლილა. შეჭვარტლულ საკვამურიდან ბოლქვებად ამოდის რუხი ბოლი, ზევით მიირხევა, იშლება, ფერმკრთალდება და ფიფქებში ქრება.

- მერე შენ ჩამაცილე რუსთაველის პროსპექტამდე, - იხსენებს ცოლი, - და იქ თავაზიანად დავშორდით ერთმანეთს... რას ვიფიქრებდი, ან როგორ უნდა მეფიქრა, თუ...

 

 

 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური