მეშვიდე საფეხური
» ხალიფა, კუპიდონი და საათი (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ხალიფა, კუპიდონი და საათი (ნაწყვეტი #1)

ვალელუნას მომავალი მთავარი, პრინცი მაიკლი, პარკში თავის საყვარელ მერხზე ჩამოჯდა. სექტემბრის გრილი საღამო ისე აცოცხლებდა და ახალისებდა თავადს, თითქოს საუცხოო ღვინოს ეწაფებოდა. მერხები თითქმის დაცარიელებულიყო. პარკის მცონარები ადრეული შემოდგომის სუსხს შეეწუხებინა და შინ გაკრეფილიყვნენ. აღმოსავლეთით ოთხკუთხედად შეკრული სახლების სახურავები ის-ის იყო მთვარეს გაენათებინა. პარკში  შადრევანი ჩუხჩუხებდა. მის გარშემო ბავშვები თამაშობდნენ და მხიარულობდნენ. ხეებს ზემოთ ძველი შენობის კოშკზე დიდი მრგვალი საათის ციფერბლატი ბრწყინავდა.

პრინცის დაგლეჯილ ფეხსაცმელს დაოსტატებული მეწაღის ხელიც ვერაფერს უშველიდა. სამოსიც დაკონკილი ეცვა. სახეზე ჯაგარივით დასდებოდა ორი კვირის გაუპარსავი წვერი, ათასფრად აჭრელებული მუსიკალური კომედიის მომღერალთა გუნდის მსგავსად.

პრინცი მაიკლი საყვარელ მერხზე ჩამოჯდა და გაიღიმა. თავის აურაცხელ სიმდიდრეზე დაფიქრდა. რაზე არ მიუწვდებოდა მას ხელი, თუნდაც რომელიმე სახლზე იმ უზარმაზარი გაჩახჩახებული შენობებიდან, მის წინ რომ ჩამწკრივებულიყვნენ, დიდძალ ოქრო ვერცხლზე, ეკიპაჟზე, ძვირფასეულობაზე, ხელოვნების ნიმუშებზე, უძრავ ქონებასა და მამულებზე. გვირგვინოსანი მონარქების ამ დოსტს კი, სამეფო ნადიმებზეც სიამოვნებით რომ მიიწვევდნენ, სულ სხვა არჩევანი გაეკეთებინა და ამქვეყნიური კეთილდღეობისთვის პარკში გლახასავით ჯდომა ერჩია. არად ჩაეგდო საზოგადოებრივი მდგომარეობა, ხელოვნებისა და მშვენიერების სამყარო, ბომონდი, საყოველთაო თაყვანისცემა, ბრძენთა ქება-დიდება, პატივი, განცხრომა, ფუფუნება და სახელი. ეს ამქვეყნიური სიამენი გოლეულივით სკაში ელოდა თავად მიხეილს იმ დრომდე, როცა ისურვებდა, მის სიტკბოს დასწაფებოდა. ცხოვრების ხის ნაყოფი უკვე გაესინჯა და მისი სიმწარე ეგემა. ამიტომაც ედემის ზღურბლისთვის გადაებიჯებინა და ახლა კაცობრიობის გულის ფეთქვას ისმენდა, მის მაჯისცემას აყურადებდა.

ამგვარი ფიქრები ეძალებოდა მთვლემარეს. ფერადოვანი წვერის ქვეშ მოცინარი პირი მოუჩანდა. უღარიბესი მათხოვარივით დაკონკილს პარკში ეპოვა მყუდრო სავანე, დღენიადაგ იქ დასეირნობდა, უკვირდებოდა და სწავლობდა ადამიანთა ბუნებას. სიქველეში მეტ სიამოვნებას ნახულობდა, ვიდრე სიმდიდრეში, თავის მაღალ მდგომარეობასა და ყველა იმ სიამეში, განგებას რომ დაეშურებინა მისთვის. ბედნიერი იყო იმით, რომ ადამიანებს სატკივარს უმსუბუქებდა და უამებდა, დახმარების ხელს უწვდიდა გაჭირვებულთ, თუკი მათ ამის ღირსად მიიჩნევდა. ხშირად დაუხვევია თავბრუ უპოვართათვის მოულოდნელი, ჭეშმარიტად მეფური საჩუქრებით. ამას დიდი სიბრძნითა და კეთილგონიერებით აკეთებდა.

თავადმა მიხეილმა კოშკის დიდი საათის განათებულ ციფერბლატს მიაპყრო მზერა. უცბად სათნოების გამომხატველი ჩვეული ღიმილი სახეზე შეაცივდა. ამ ნათელი და ამაღლებული აზრების კაცს ჩვეულებრივ პანიკური შიში შეიპყრობდა ხოლმე, როცა გაიფიქრებდა, როგორ მონურად ემორჩილება კაცობრიობა ჟამთასვლის ამ ტირან საზომს. ადამიანების გამალებული მიმოსვლა, მათი ყოფა-ცხოვრების დაქვემდებარება დრო-ჟამისადმი, საათის პატარა ლითონის ისრებით რომ აღირიცხებოდა, თავად მიხეილს ყოველთვის ანაღვლიანებდა.

 

 

ხალიფა, კუპიდონი და საათი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ო'ჰენრი