მეშვიდე საფეხური
» სოფის სამყარო (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

სოფის სამყარო (ნაწყვეტი #1)

სოფი ამუნდსენი სკოლიდან ბრუნდებოდა. ის და იუანა სუპერმარკეტამდე ერთად მიდოდნენ. გზაში რობოტებზე ლაპარაკობდნენ. იუანა ამბობდა, ადამიანის ტვინი განვითარებული კომპიუტერიაო. სოფიმ არ იცოდა, დასთანხმებოდა თუ არა. ნუთუ ადამიანი მართლა არ აღემატებოდა რაღაც მანაქანას?

სუპერმარკეტის შემდეგ მათი გზები გაიყო. სოფი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა, სკოლიდან ორჯერ უფრო შორს,  ვიდრე იუანა. მის ბაღს იქით აღარავინ სახლობდა. ამის გამო სოფის სახლი ქვეყნიერების კიდეზე მდგარს ჰგავდა. აქედან უკვე დაბურული ტყე იწყებოდა.

სოფიმ კლევერვეგენისკენ შეუხვია. ქუჩის ბოლო მკვეთრად უხვევდა და სახელიც შესაფერისი ერქვა: კაპიტნის შესახვევი. შაბათ-კვირის გარდა, აქ იშვიათად თუ ნახავდით ვინმეს.

მაისის პირველი დღეები იდგა. ზოგიერთ ბაღში ხეების ქვეშ ყვითელი ნარგიზები ყვაოდა. არყის ხეებს ღია მწვანე ფოთლები მოესხა.

წლის ამ დროს ყველაფერი განსაცვიფრებლად იფეთქებდა ხოლმე. ნეტავ რა ძალას ამოჰყავდა ამოდენა სიმწვანე მკვდარი მიწიდან, როგორც კი დათბებოდა და თოვლის უკანასკნელი კვალი გაქრებოდა?

სოფიმ ბაღის კარი შეაღო და საფოსტო ყუთში ჩაიხედა. შიგ, როგორც წესი, ბევრი სარეკლამო ბროშურა და დედისთვის განკუთვნილი რამდენიმე დიდი კონვერტი ხვდებოდა, რომლებიც სამზარეულოს მაგიდაზე უნდა დაეხვავებინა, ვიდრე საშინაო დავალებების მოსამზადებლად თავის ოთახში ავიდოდა.

ზოგჯერ ბანკიდან მამამისის სახელზე გამოგზავნილ წერილებსაც პოულობდა, თუმცა მას მამას ჩვეულებრივს ვერ დაარქმევდი. დიდი ტანკერის კაპიტანი იყო და წლის უმეტეს ნაწილს ზღვაში ატარებდა. იმ რამდენიმე კვირას კი, როცა შინ იყო, მთელ სახლს მოედებოდა ხოლმე, რათა იგი სოფისა და დედამისისთვის უფრო მყუდრო გაეხადა, მაგრამ როგორც კი ზღვაში გავიდოდა, ძალიან შორეული ხდებოდა.

ამჯერად ყუთში ერთადერთი წერილი იდო და ისიც სოფის სახელზე იყო გამოგზავნილი. თეთრ კონვერტზე ეწერა: „სოფი ამუნდსენს, კლევერგენის 3“. სხვა არაფერი: არც გამომგზავნის სახელი, არც საფოსტო მარკა.

სოფიმ ჭიშკარი მოიხურა და კონვერტი გახსნა. შიგ კონვერტისავე ზომის ერთადერთი ფურცელი იდო.

ვინ ხარ შენ? - ეწერა ზედ.

სხვა არაფერი, არც მოკითხვა, არც გამომგზავნის სახელი, მხოლოდ ხელით დაწერილი სამად სამი სიტყვა ბოლოში დასმული ვეებერთელა კითხვის ნიშნით.

ისევ კონვერტს დახედა: წერილი ნამდვილად მისთვის იყო. ნეტავ ვის უნდა მოეტანა?

სწრაფად გააღო სახლის კარი. როგორც ყოველთვის, ახლაც ისკუპა ბუჩქებიდან შერხანმა - სოფის კატამ - კიბეზე ახტა და მანამდე შესრიალდა სახლში, სანამ წამით შეღებილი კარი ისევ დაიხურებოდა.

ყოველთვის, როცა სოფის დედა ცუდ გუნებაზე იყო, თავის სახლს სამხეცეს უწოდებდა, რადგან სოფის შინ რამდენიმე ცხოველი ჰყავდა და ძალიან უყვარდა. პირველად აკვარიუმი და სამი ოქროს თევზი აჩუქეს: წითელთავა, წითელქუდა და შავჩოხა. მათ მოჰყვა ორი თუთიყუში: სმიტი და სმული, შემდეგ - კუ გოვინდა, და ბოლოს - კატა შერხანი. მათი წყალობით სოფი ეგუებოდა იმას, რომ დედა გვიან საღამომდე მუშაობდა, მამა კი შორს, მსოფლიო ოკეანეში დაცურავდა.

 

 

სოფის სამყარო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იუსტაინ გორდერი