მეექვსე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #22)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #22)

სრულიად ქართა ღმერთ-განმგებელს, ეოლოსს, ვაჟიშვილი შეეძინა და სიზიფე დაარქვა.

სიზიფეს თავში აუვარდა დიდი კაცის შვილობა. სამაგალითოდ უგვანი ბავშვი იყო. ეშმაკობით, მოხერხებულობითა და მზაკვრობით ტოლს თვით ღმერთ ჰერმესსაც არ უდებდა.

გავიდა ხანი, პატარა სიზიფე გაიზარდა, მაგრამ გამოსწორება არც უფიქრია. პირიქით: ქალაქ კორინთოში მასავით სახელგავარდნილ ავაზაკს ვერ იპოვიდი. ყოველთვის სხვების გაბრიყვებით ითბობდა ხელს. ბრიყვები კი, გამბრიყვებელთა გულის გასახარად, მრავლად არიან, ამიტომაც სიზიფემ აურაცხელი სიმდიდრე დააგროვა.

ბოლოს და ბოლოს, ღმერთებს მობეზრდათ მისი თავგასულობა (თავგასულობას ყველაზე ლმობიერი ღმერთიც კი ძნელად ეგუება), ამიტომ სიზიფეს სიკვდილის დესპანი, თანატოსი მიუგზავნეს.

- თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, ჰადესის სამეფოში გამომყევით, გეთაყვა, - ზრდილობიანად შესთავაზა სიზიფეს თანატოსმა.

- შენ ხომ არ გადარეულხარ, რა დროს სიკვდილია?! - გადაირია სიზიფე. გაახსენდა, რომ აჩრდილების სამეფოში წასული ბევრი უნახავთ, უკან მობრუნებული კი - არავინ.

გამწარებულსა და შეშინებულს ზრდილობა არც გახსენებია, სტაცა თანატოსს ხელი და შებორკა.

ბორკილებთან ჯაჯგურით სიქაგაცლილი თანატოსი ყურებჩამოყრილი იჯდა და თავბედს იწყევლიდა, მისი წუწუნი ცას სწვდებოდა.

საბოლოოდ ყველაფერი აირ-დაირია: მიწისქვეშეთის ღმერთებს მსხვერპლს აღარავინ სწირავდა. ან რატომ შეიწუხებდნენ თავს, ქვეყანაზე ძეხორციელი აღარ კვდებოდა.

რაც მთავარია, დაირღვა ღმერთების მამამთავრის, ზევსის დაწესებული კანონები, რამაც მთავარი ღმერთი ძალიან განარისხა. მძიმე ხასიათის მქონე ზევსი კი, რომ განრისხდებოდა, ისე გრგვინავდა, ჭექა-ქუხილი გეგონებოდა. სიზიფეს ომის საზარელი ღმერთი არესი მიუგზავნა. არესმა თანატოსი გაათავისუფლა, თანატოსმა კი სიზიფეს სული ამოაძრო და სულთა სამეფოში მიაბრძანა.

-  ო, სულთა ბრძანებელო და ზევსისდარო ჰადეს! - სიზიფეს პირფერობა ეხერხებოდა, - გამიშვი სინათლის ქვეყანაში, ჩემს წუწურაქ ცოლს ტყავი უნდა გავაძრო. როგორ გიბედავთ ის თავხედი უმადური, მსხვერპლს რომ არ გწირავთ და ძღვენს არ გიგზავნით!

სინამდვილეში კი ცოლი მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებული, თითზე გადასახვევი არაფერი მიუტანო იმ ბნელეთის მოციქულებსო.

გაბრიყვდა მიწისქვეშეთის ღმერთი, დაუჯერა მოკვდავს და გაუშვა. ცხადია, სიზიფეს უკან მიბრუნება არც უფიქრია - იჯდა თავის ძვირფას სასახლეში, კარგს ჭამდა, კარგს სვამდა და კარგადაც ილხენდა.

თუმცა, მოკვდავთა შორის უეშმაკესს დიდხანს არ დასცალდა პარპაში.

ეს როგორ გამიბედაო, და განრისხებულმა ჰადესმა უკვე ბოლოჯერ მიუგზავნა თანატოსი თავზეხელაღებულს.

სიკვდილმა სწორედ მაშინ მიუსწრო სიზიფეს, კარგად დაბრაწულ გოჭის ბარკალს რომ მიირთმევდა.

ღმერთებმა სიზიფეს სიკვდილი არ აკმარეს და სამაგალითოდ დასაჯეს სიცოცხლეში უსაქმურობით განთქმული; მას მერე სიზიფე ციცაბო მთაზე ვეებერთელა ლოდს მიათრევს. ოფლი ღვარად სდის, წელებზე ფეხს იდგამს, იტანჯება. მთის წვერი რომ გამოჩნდება, უცებ ლოდი ხრიგინ-ხრიგინით ეშვება ძირს. სიზიფესაც სხვა რა ჩარა აქვს, ყველაფერს თავიდან იწყებს, მიაგორებს ქვას ჭაპანწყვეტით.

ჰადესი და თანატოსი კი ნიშნისმოგებით ქირქილებენ.

ადამიანებს ეს ამბავი იმ უხსოვარი დროიდან მოყოლებული ახსოვთ და, თუ ვინმე ცუდ-უბრალოდ მუშაკობს ან საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს, ამბობენ, სიზიფესავით შრომობსო.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: