მეექვსე საფეხური
» სხვადასხვა (ნაწყვეტი #44)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

სხვადასხვა (ნაწყვეტი #44)

საბერძნეთი ეგეოსისა და ადრეატიკის ზღვებს შორის გადაჭიმული მთებისა და ასობით კუნძულისგან შედგება. ადრეული ბერძნული დასახლებები წარმოადგენდა მცირე გაერთიანებებს - ქალაქ-სახელმწიფოებს - რომლებიც ერთმანეთს ტერიტორიებისა და ძალაუფლებისთვის ებრძოდნენ. თითოეული ქალაქ-სახელმწიფო დამოუკიდებელი და თვითმყოფადი იყო, მოქალაქეები კი თავიანთ სამშობლოსა და მფარველ ღმერთს ერთგულად იცავდნენ. ძველმა ბერძნებმა შექმნეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია, საფუძველი ჩაუყარეს ლიტერატურის, ფილოსოფიის, სპორტის, თეატრისა და პოლიტიკის განვითარებას. ბერძნულმა ცივილიზაციამ განვითარების მწვერვალს ძვ.წ. მე-5 საუკუნეში ქალაქ ათენში მიაღწია.

კუნძული კრეტა პირველი უდიდესი ევროპული ცივილიზაციის სამშობლოა. მინოსელები (სახელწოდება დაკავშირებულია კრეტის ლეგენდარულ მეფე მინოსთან) აქ ძვ. წ. 6000 წლიდან დამკვიდრდნენ. მათ ნაყოფიერ მიწებზე შესანიშნავი მოსავალი მოდიოდა. მათ კრეტაზე დიდებული ტაძრები და სასახლეები ააშენეს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი კრონოსის სასახლე იყო.

ბრინჯაოს ხანაში ბერძნული ქალაქის, მიკენის ირგვლივ მებრძოლი საზოგადოება განვითარდა. მიკენელები შესანიშნავი მეომრები და ვაჭრები იყვნენ და პატარ-პატარა სამეფოებში კარგად გამაგრებული სასახლეების ირგვლივ ცხოვრობდნენ. დაახლოებით ძვ.წ. 1200 წლისთვის მიკენურ სამყაროს უცხოელი დამპყრობლებისგან საფრთხე დაემუქრა და მიკენურმა ქალაქებმა რღვევა და განადგურება დაიწყო. ას წელიწადში მიკენელთა სიმაგრეები დაეცა და დაიწყო ეპოქა, რომელსაც „ბნელი ხანა“ ეწოდება. შემდეგი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სახელოვანი მიკენელი გმირების ამბები ზეპირად ვრცელდებოდა და თაობებს გადაეცემოდა. ორი ყველაზე ცნობილი პოემა - „ილიადა“ და „ოდისეა“ - პოეტმა ჰომეროსმა ძვ.წ. მე-8 საუკუნეში შექმნა. „ილიადაში“ აღწერილია, როგორ შემოარტყა ალყა მიკენის ძლევამოსილმა მეფემ, აგამემნონმა, ქალაქ ტროას, ხოლო „ოდისეა“ მოგვითხრობს ბერძენი გმირის, ოდისევსის თავგადასავალს ტროას ომის შემდეგ. ამ პოემების მიხედვით, ბერძნები და ტროელები ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ არა ტერიტორიების ან სიმდიდრისთვის, არამედ დედოფალ ელენეს დასაბრუნებლად.

ყოველ ბერძნულ ქალაქს დღესასწაულების საკუთარი კალენდარი ჰქონდა, რომლის მიხედვითაც ადამიანები ღმერთებს პატივს მიაგებდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. მაგალითად, ხარებს. ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ დელფო სამყაროს ცენტრი იყო. მათ აქ მოათავსეს უზარმაზარი ქვა, რომელსაც ომფალოსს ანუ სამყაროს ჭიპს უწოდებდნენ.

ბერძნული თეატრი შთამბეჭდავი ნაგებობა იყო. ადამიანები დრამებს ღმერთების პატივსაცემად წარმოადგენდნენ. ძვ.წ. მე-6 საუკუნეში დრამებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ღვინის ღმერთის დიონისეს სადიდებელ ფესტივალზე, რომელიც გაზაფხულზე იმართებოდა ხოლმე.  ცნობილი ბერძენი ტრაგიკოსის, სოფოკლეს პიესები სამეფო და ლეგენდარული ოჯახების ტრაგიკულ ბედს შეეხება. მისი ნაწარმოებები ოიდიპოსისა და ელექტრას, აგამემნონის ქალიშვილის შესახებ, დღესაც ხიბლავს მკითხველს.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: