მეექვსე საფეხური
» ჯაფარა (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ჯაფარა (ნაწყვეტი #1)

- კეიტლინ, - მეუბნება მამა, - მთელი ქალაქი განიცდის იმას, რაც შეგვემთხვა. ყველას უნდა დაგვეხმაროს.

- როგორ?

- უნდათ გვერდით დაგვიდგნენ, დაგველაპარაკონ, სადმე წაგვიყვანონ.

- არც ვინმეს გვერდით დგომა მინდა, არც ლაპარაკი და არც სადმე წასვლა.

მამა ოხრავს:

- უნდათ, როგორმე შეგაგუონ ცხოვრებას... დევონის გარეშე.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო ხანებში ჩვენთან უამრავი ხალხი მოდის. დიდი სიამოვნებით დავემალებოდი მათ დევონის ოთახში, მაგრამ იქ შესვლის უფლებას იმ დღის მერე აღარ მრთავენ, რაც ჩვენი ცხოვრება ნამსხვრევებად იქცა, როცა მამამ დევონის ოთახის კარი გამოიჯახუნა, ზედ თავი მიადო და ატირდა, არა, არა, არ მჯერაო.

ვცდილობ, ჩემს ოთახში განვმარტოვდე და ვხატო, მაგრამ მამა შემოდის და გავყავარ.

ათასნაირი ხმა ისმის სახლში.  ნათესავების ხმები. მამა მაცნობს მათ: „გახსოვს...“ და მერე მათ სახელებს ჩამომითვლის.

- არა, - თავს ვიქნევ. და არც ვტყუი.

მამა მეუბნება:

- თვალი გაუსწორე ადამიანს!

მეც ნაუცბათევ მზერას ვავლებ მათ ცხვირს, პირს, ანდა ყურს, მაგრამ მაინც ვერავის ვიხსენებ.

ამ ნათესავებს დევონის სიცოცხლეში ათასში ერთხელ თუ ვხედავდით, ისინი როგორ უნდა დაგვეხმარონ?

ან ის მეზობელი, დევონს რომ უყვირა, ჩემი გაზონიდან გადაეთრიეო, რით გვიშველის?

ჩვენს სახლში ჩემი სკოლის წარმომადგენლებიც არიან. მისის ბრუკი - ჩემი ფსიქოლოგი და მისის ჯონსონი - ჩემი მასწავლებელი.

- კეიტლინ, თუ ვინმესთან გულის გადაშლა მოგინდება, შენს სამსახურში მიგულე, - მეუბნება მისის ჯონსონი.

- აი, მისის ბრუკმა იცის, რასაც ვგრძნობ, შეგიძლიათ ჰკითხოთ და მოგიყვებათ.

ლაპარაკი არავისთან მინდა. გავრბივარ და მამას სვიტრის ქვეშ ვუძვრები. მამა არ ამბობს, „მომშორდი, კეიტლინ“, არც გვერდზე მწევს. სვიტრის გარედან თავზე ხელს მისვამს. მამაჩემი სვიტრის მიღმა დარჩენილ სამყაროს ესაუბრება და მისი ხმა დაბალ, მონოტონურ ზუზუნად ჩამესმის. თვალებს ვხუჭავ. ნეტავ მთელი სიცოცხლე შემეძლოს აქ ყოფნა...

რამდენიმე დღის შემდეგ მამამ თქვა, რომ სკოლაში დაბრუნების დრო მოვიდა და აი, მეც აქ ვარ.

მისის ბრუკის კაბინეტს დავუბრუნდი.

პატარა, მრგვალ მაგიდასთან ვზივარ.

კედლებს შევცქერი. ჩემს არყოფნაში არაფერი შეცვლილა, თუკი იმას არ ჩავთვლით, რომ „სხვადასხვა ემოციის ამსახველი გამომეტყველებების“ კოლაჟზე ერთ-ერთ სახეს ულვაშები აქვს მიხატული. ეს უცებ შევამჩნიე, რადგან ათასჯერ მაინც მივშტერებივარ ამ კოლაჟს და თავი მიტეხია, რას შეიძლება ნიშნავდეს ესა თუ ის მიმიკა. გამოცნობა მიჭირს. ეს გამომეტყველებები საგულდაგულოდ მაქვს შესწავლილი, თუმცა, როცა მათ მაგივრად რეალური ადამიანის სახეს ვხედავ, სულ ვიბნევი. როგორც მისის ბრუკი მეუბნება, ადამიანებს ჩემი გაგება უჭირთ, რადგან ასპერგერის სინდრომი მჭირს და ამიტომაც მე უნდა ვეცადო, მათ რამე გავაგებინო, ანუ მათი ემოციები უკეთ შევისწავლო.

მე კი მირჩევნია, ხატვა შევისწავლო უკეთ.

ჯაფარა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქეთრინ ერსკინი