მეხუთე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (არისტოტელე)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ცნობილი ადამიანები (არისტოტელე)

ძველი საბერძნეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი არისტოტელე საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე მაკედონიის ქალაქ სტაგირაში დაიბადა. არისტოტელე ძველ ბერძნულად „საუკეთესო მიზანს“ ნიშნავს. არისტოტელე არისტოკრატულ ოჯახში იზრდებოდა. არისტოტელეს მამა, ნიკომაქე, ალექსანდრე მაკედონელის კარზე ექიმად მსახურობდა. მედიცინა ხშირად ოჯახურ საქმეს წარმოადგენდა და სწორედ მამის წყალობით გაუჩნდა არისტოტელეს ბიოლოგიისა და მედიცინის შესწავლისადმი ინტერესი. იმხანად პაციენტები კი არ მიდიოდნენ ექიმთან, პირიქით, ექიმი მოგზაურობდა ქვეყნის სხვადსხვა კუთხეში და ავადმყოფებს ეძებდა. ნიკომაქეც ბევრს მოგზაურობდა და ერთადერთი ვაჟიც თან დაჰყავდა. არისტოტელეს ექიმობისთვის ამზადებდა. ტრადიციულად, ექიმი თავის ხელობას საიდუმლოდ ინახავდა და შთამომავლობით მხოლოდ შვილს გადასცემდა. ერთხელ მამა-შვილი მეზობელ მაკედონიაში აღმოჩნდა. იქ ნიკომაქემ რამდენიმე ადამიანი მძიმე სენისგან განკურნა და ისე გაითქვა სახელი, რომ მაკედონიის მეფემ სასახლის კარზე მკურნალად მიიწვია.

 

სრულიად მოულოდნელად 10 წლის არისტოტელეს მამა გარდაეცვალა, ცოტა ხნის შემდეგ - დედაც. დაობლებული ბავშვი ოჯახის მეგობარმა გაზარდა. რიტორიკა და პოეზია ბავშვობაშივე შეისწავლა, ხოლო მამისგან არისტოტელემ ბიოლოგია და მედიცინა უკვე იცოდა, თანაც მშვენიერ მოთხრობებსაც წერდა. როდესაც 17 წლის გახდა, აღმზრდელმა ათენის იმ დროის უდიდეს საგანმანათლებლო ცენტრში, პლატონის აკადემიაში გაგზავნა. არისტოტელე პლატონის გამორჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეგობრობდნენ, ხშირად კამათობდნენ კიდეც. არისტოტელეს ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: ,,პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“.

 

ცნობილია, რომ არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელიც იყო. მაკედონიის მეფემ იგი თავისი შვილის, ალექსანდრეს მასწავლებლად მიიწვია. მაკედონიის სასახლის კარზე არისტოტელეს დიდ პატივს სცემდნენ. ალექსანდრე მაკედონელს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი არისტოტელე. მან ფილოსოფოსს სიცოცხლეშივე დაუდგა ძეგლი. თავის მოსწავლეზე არისტოტელეც ძალიან ზრუნავდა, ბრძნულად მოძღვრავდა: „შენი ძალაუფლება არ აქციო ქედმაღლობად, არამედ ქველ საქმეებად და სათნოებად, რომელზე აღმატებულიც ქვეყნად არაფერია. ადამიანს გარდაუვალი სიკვდილის შემდეგ თავისი საქმეებით შეუძლია უკვდავთა ხსოვნა მოიპოვოს.“

 

ათენში დაბრუნების შემდეგ არისტოტელემ საკუთარი სკოლა დააარსა. თუ პლატონის აკადემიაში ძირითადი საგანი ფილოსოფია იყო, არისტოტელესთან ლოგიკას, ასტრონომიას, მეტეოროლოგიას, ზოოლოგიას, ფსიქოლოგიას, პოლიტიკასა და ეთიკას ასწავლიდნენ. ეს საგნები იქამდე არ ისწავლებოდა. ყველაფერს ერთი საგანი - სიბრძნის სიყვარული - ფილოსოფია წარმოადგენდა. არისტოტელე ორი ტიპის ლექციებს ატარებდა, დილით დეტალურს, თავისი მოსწავლეებისთვის და შემდეგ - პოპულარულს, ცოდნის შეძენის ნებისმიერი მსურველისთვის.

 

არისტოტელეს ცნობილი გამონათქვამებია:

ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული - საღი გონებაა ადამიანის სხეულში.

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით, რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.

 

 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: