მეხუთე საფეხური
» მითები და ლეგენდები (პანი და სირინგა)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მითები და ლეგენდები (პანი და სირინგა)

ტყეებისა და მწყემსების ღმერთი, შეუხედავი, მაგრამ მხიარული და უდარდელი პანი, ტყეში დაიბადა. ფეხები თმით ჰქონდა დაფარული და პაწაწინა რქები, ჩლიქები და კუდი „ამშვენებდა". მშობელმა დედამ ახალშობილს დახედა თუ არა, შეშინებულმა უკანმოუხედავად მოკურცხლა.

პატარა პანს ეს ამბავი, როგორც ჩანს, იმდენად მოეწონა, რომ მთელი ცხოვრება ამგვარად ირთობდა თავს - ჩაუსაფრდებოდა მსხვერპლს ტყეში, ბუჩქებში ან გამოქვაბულში, გადმოუხტებოდა ღრიალით და გულიანად ხითხითებდა, როცა შიშისგან გულგახეთქილი მგზავრი გარბოდა.

პანს ხშირად ხედავდნენ დიონისეს ამალაში, უყვარდა მასთან ერთად მოგზაურობა და მოლხენა. მხოლოდ ერთხელ წასცდა მის თვალებს ცრემლი. ეს კი მაშინ მოხდა, როცა მისი დანახვისას შიშისგან გონდაკარგული ულამაზესი ნიმფა სირინგა მის თვალწინ ლერწმად გადაიქცა. პანმა ლერწმისგან სალამური გააკეთა, ტყის სიღრმეს შეერია და ნაღვლიანი სასიყვარულო სიმღერები დააკვნესა (ბერძნები ახლაც სირინგას უწოდებენ ამ საკრავს).

დანაღვლიანდებოდა პანი, აბა რა?! სხვა ოლიმპოელებს ნამდვილად არ ჰგავდა. ვერც სილამაზით დაიტრაბახებდა და არც დახვეწილობით გამოირჩეოდა. უიღბლო პანს არაფერში გაუღიმა ბედმა ერთი რამის გარდა: ახლაც, თუ ვინმეს შიშისგან ენა ჩაუვარდება, პირკატა ეცემა და თავგზააბნეული გარბის, ამბობენ, პანიკურმა შიშმა მოიცვაო.

პანი, ძველი ბერძნების რწმენით, იცავდა მწყემსებს და ჯოგებს. მას ხშირად მოიხსენიებენ სიტყვით ნომიოს, რაც ნიშნავს „ჯოგთა მფარველს". ის მეფუტკრეებისა და მეთევზე-მონადირეების მფარველადაც ითვლება. 

საერთოდ, პანი უწყინარ და უბოროტო არსებად მიიჩნევა. მრისხანებას მხოლოდ მას დაატეხავს თავს, ვინც მყუდროებას დაურღვევს. ასეთ დროს პანი საზარელ ყვირილს მორთავს და ნებისმიერი სულიერის დამარცხებაც ძალუძს.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: