მეხუთე საფეხური
» სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #6)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდან ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო, მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, იქვე ხევის პირას, ჟოლოს ფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას. ცივი ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულ ქვებზე, ერთი კლდიდან მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.

- მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.

მე მივედი და კრძალვით ჩავდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო და გადმოვხტი ისევ უკან.

- ცივია, არ შემიძლია დგომა.

- არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!

ცოტა ხანი დავდექი წყალში და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენ ზევით ხმაური ისმოდა.

ეგ საშიში ხალხი არ არის, - მითხრა დედამ: - ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია. ჩვენი მტერი ეგრე არ ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ველის პირას ნუ გამოვჩნდებით, ნუ დავენახვებით.

დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე, მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვევიდან ხმა მომესმა: „ვაი, ვაი, დედი, მგელი, მგელი!“

- ნუ გეშინია, შვილო. აბა, სად არის, დამანახე? - ჰკითხავდა დედა.

- აგე ყურები არ დაუცქვეტია ტყიდან! - თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვი თითით ჩემზე.

- უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რა ლამაზია!

- დავიჭიროთ - ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლად ემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.

- არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა! ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზე!

მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მეამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენი შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემი დაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:

- ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა, მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ სიცოცხლეს.

სათაგური და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ვაჟა-ფშაველა