მეხუთე საფეხური
» სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #3)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

ეფემია სახლში მზარეულობდა, სტუმრებს მოელოდა. ჩვეულებისამებრ ამ საუფლო დღეს ძია ესტატე უსტუმროდ არ დადგებოდა. ეფემიამ ყველაფერი მოამზადა. ღვინოც ამოიღო ქვევრიდან დოქებში, და აგერ ესტატეც გამოჩნდა თავის სტუმრებიანად. ეფემიამ დაინახა რა მომავალი სტუმრები, მაშინვე შეუდგა სუფრის გაშლას. ესტატემ სტუმრები სუფრასთან მიიპატიჟა. თამადობა ყველამ ესტატეს მიულოცა, ჯერ ერთი - როგორც საზოგადოების ამორჩეულს, და მეორეც - როგორც მასპინძელს. ესტატე პირველად უარზე დადგა, ბოლოს დასთანხმდა. ძია ესტატემ პირველი სადღეგრძელოსთანავე მრავალჟამიერი შემოსძახა.

 

თაგვები რაღას შვრებოდნენ? - ეწეოდნენ სათაგურს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, თან ადამიანებზე, იმათ ქეიფზე ბრაზობდნენ: ჩვენ ვტირით, ეგენი კი მღერიანო. არაჩვეულებრივი ფეხების ფხაკუნი ატეხეს, თან სხვადასხვა სუნი აბრაზებდათ.

 

- ქალო, ეფემიავ! - დაიძახა ესტატემ, - ამ განჯინაში რაღაც ამბავია.

- უეჭველად თაგვი გაებმებოდა, - წარმოსთქვა ეფემიამ და გაემართა განჯინისაკენ.

- განა ერთი, დედაკაცო, აქ ისეთი ხმაურია, რომ იქნება ასი ერთად დაიჭირა სათაგურმა, - სთქვა ესტატემ.

ეფემიამ განჯინა მარდად გააღო; სათაგურს სწრაფად დაავლო ხელი. შიგ თაგვი შენიშნა. სხვა თაგვები ვერ დაინახა, რადგან განჯინაში ბნელოდა. სათაგური გადმოიღო და აი საკვირველება! - ყველა თაგვი გადმოჰყვა. ამ სურათზე ყველამ თვალები სჭყიტა, ჭიქები ხელში გაუჩერდათ და პირღიად დაუწყეს ცქერა.

 

ატყდა სახლში აურზაური. თაგვებმა თავს უშველეს; ხელში მარტო ფიცხელა დარჩათ და იმაზე მოინდომეს ჯავრის ამოყრა.

 

- არა, ბატონებო, მე, როგორც თამადა, ვათავისუფლებ თაგვს, რადგან დღეს საუფლო დღეა და ეგ თაგვიც ალბათ რითიმე შესანიშნავია, რომ თავის თანამოძმეთა თანაგრძნობა მოუპოვებია. ხომ ნახეთ, როგორ ეშველებოდნენ თაგვები და უნდოდათ მისი გათავისუფლება. უნდა გავათავისუფლოთ! - რა გაეწყობოდა, დაეთანხმნენ ძალაუნებურად ესტატეს, და ეფემიამ ფიცხელა სათაგურიდან გარეთ თოვლში გაუშვა. ფიცხელა ფხაჭა-ფხუჭით გარბოდა, თოვლის ბუქს აყენებდა, როგორ უხაროდა!

სტუმრებს გაუკვირდათ თაგვების ერთმანეთისადმი ასეთი შებრალება და თანაგრძნობა.

 

ქეიფი განახლდა, ესტატე განაგრძობდა სადღეგრძელოებს; თაგვები დაეძებდნენ ერთიმეორეს...

 

როცა ესტატემ და მისმა სტუმრებმა ქეიფი გაათავეს, თაგვებმა სწორედ მაშინ დაიწყეს. შეიყარნენ საღამოს ერთად, დაჰკრეს დაფს, დოლს, დაირას, დუდუკს, ზურნას, ლეკურს თამაშობდნენ, მღეროდნენ, ფიცხელას ცაში ისროდნენ. 

სათაგური და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ვაჟა-ფშაველა