მეხუთე საფეხური
» ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #5)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #5)

სახურავის დამლაგებელს ანტონი ერქვა. გრინკოს ეს სახელიც ისეთივე ადამიანური მოეჩვენა, როგორც სახანძრო კიბე. ანტონმა ბავშვები თავის სახლში წაიყვანა და სადილით გაუმასპინძლდა.

- აბა, მომიყევით აქ როგორ მოხვდით, - ჰკითხა მათ.

რა დროს ლაპარაკი იყო, გრინკო და პია გამგელებულები ჭამდნენ. სანამ ანტონი ჩაის მოსატანად სამზარეულოში იყო გასული, გრინკომ პიას გადაუჩურჩულა: 

- რა ვუთხრათ? რა მოვიფიქროთ?

იგი არც დაფიქრებულა.

- სიმართლე ვუთხრათ. მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. ტყუილი ძნელი დასამახსოვრებელია, სადმე გადაგავიწყდება და მიხვდებიან, რომ მოიტყუე.

ანტონი რომ დაბრუნდა, გრინკომ მხნეობა მოიკრიბა და გამოთქმით უთხრა:

- ჩვენ სხვა პლანეტიდან ვართ.

ეგონა, ეს სიტყვები დამლაგებელზე შთაბეჭდილებას მოახდენდა, მაგრამ სულ ტყუილად. ანტონს მისკენ არც გამოუხედავს, ღიღინით ასხამდა ჩაის ფინჯნებში.

- რა თქმა უნდა, სხვა პლანეტიდან ხართ. მე ის მაინტერესებს, მაინც რომელი პლანეტიდან ჩამოცვივდით. ტუცებს არ ჰგავხართ, კუდი არ გაქვთ. შეიძლება კარპასები ხართ, ან იქნებ კიდევ სხვა პლანეტიდან. ამას წინათ ერთი ჩამოვარდა, თავადაც არ იცოდა, საიდან იყო. ამბობდა, იმდენი ვიფრინე, ყველაფერი დამავიწყდაო, ჰა, ჰა, ჰა...

ბავშვებმა ვერაფერი გაიგეს, მაგრამ გრინკომ მაინც გააგრძელა:

- ჩვენ არსაიდან არ ჩამოვცვენილვართ, სახანძრო კიბით ამოვედით სახურავზე.

ანტონი ახლა კი გაოცდა. ჩაიდანი დადო და გრინკოს მიაშტერდა.

- არა, ზევიდან ჩამოცვენილი უცხოპლანეტელების მეტი რა მინახავს, მაგრამ ქვევიდან ამოვარდნილი პირველად ვნახე.

გრინკო კიდევ უფრო დაიბნა, როგორც ჩანს, არც პია იყო უკეთეს დღეში.

- იცით, რა... - დაიწყო გრინკომ, მაგრამ ანტონმა გააწყვეტინა.

- მოიცათ, მოიცათ, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ, - ანტონი კარადასთან მივიდა და იქიდან ჩაის დიდი ფინჯნები გამოიღო, - როდესაც ადამიანს ბევრი აქვს მოსაყოლი, მას ბევრი ჩაი სჭირდება. არაფერი ისე არ აადვილებს ამბის მოყოლას, როგორც ჩაი დიდი ფინჯნით.

გრინკომ შენიშნა, რომ პია თავის ჭიქას ვერ ერეოდა.

- აბა, ახლა გისმენთ, - ანტონი სკამზე დაჯდა, კუდი მოიკეცა და სმენად იქცა.

გრინკო მოჰყვა, თუ როგორ აღმოჩნდა სუპერმარკეტიდან უცნაურ ოთახში, როგორ გაიცნო პია და დანარჩენები, როგორ გამოიპარნენ... თან ცდილობდა, ანტონისთვის თვალებში ეყურა, მაგრამ მისთვის კუდიანი ადამიანი იმდენად უჩვეულო რამ იყო, რომ თვალი მაინც რუხი, ზოლიანი კუდისკენ გაურბოდა.

- მართლა, რა უნდა სახურავზე ლეიბებს? - იკითხა მანაც.

- ლეიბებს? - გაოცდა ანტონი, - მგონი, მე უფრო დიდი ფინჯანი დამჭირდება მოსაყოლად, - თქვა მერე და ჩაიდანს მიუბრუნდა.

 

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: თეა თოფურია