მეხუთე საფეხური
» იგავ-არაკები (ნაწყვეტი #3)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

იგავ-არაკები (ნაწყვეტი #3)

გლახა და მდიდარი

 

ერთი გლახა თავის სახლში იჯდა და ინატრა:

- ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცი, ერთიც რომ დააკლდეს, არ ვინდომებო.

ერთი მდიდარი კაცი ამ დროს ბანზე დადიოდა, მან გაიგონა და თქვა:

- მივიტან და გამოვცდი ამ კაცს, როგორ მოიქცევაო.

წავიდა, ხუთასი მარჩილი დათვალა, ათი დააკლო და ბანიდან ჩაუგდო.

დათვალა ღარიბმა, მიხვდა, რომ ათი აკლდა. თქვა:

- ღმერთო, ერთი მარჩილიც გებოძა, იმასაც დავიმადლებდიო.

ჩამოვიდა მდიდარი კაცი და უთხრა:

- ჩემია, გამოგცადე, მომეცი, წავიღებო!

- შენთვის არ მითხოვია, ღმერთსა ვთხოვე და მომცაო.

შეეცილნენ და მოსამართლესთან საჩივლელად წავიდნენ.

ღარიბმა კაცმა უთხრა:

- მე არაფერი მაცვია, შენ კი კარგად მორთულხარ, ეგ შენი ტყავკაბა მათხოვე და წამოვალო.

მდიდარმა კაცმა ამდენ სიკეთეს ესეც დაამატა, ათხოვა. ჩაიცვა და წავიდნენ მოსამართლესთან. იჩივლეს.

ღარიბმა თქვა:

- ეგ ისეთი ცილისმწამებელი კაცია, თუ ამ ტყავკაბასაც არ შემომეცილება, ნახავთო!

გაკვირვებულმა კაცმა უთხრა:

-  ახლა არ გათხოვეო?

მოსამართლე გაბრაზდა, მდიდარ კაცს სამოსი ჩამოართვეს.

 

მოხერხებული არაბი

 

ბაღდადის ხალიფა ძალიან კარგი მეჯინიბე იყო და კარგ ცხენს ძვირად იყიდდა. გავრცელდა ხმა. ერთმა არაბმა ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათასი მარჩილი დააფასა. ხალიფამ მაშინვე მოატანინა.

არაბმა უთხრა:

- ტომარაში ჩამიყარეთ, თორემ ვერ წავიღებო

ჩაუყარეს და მისცეს. არაბმა ვერცხლს ხელი სტაცა, ცხენზე გადაკიდა, შეჯდა და გააჭენა. ხალიფას ჯარი ცხენებით დაედევნა არაბს, მაგრამ მისი გზა და კვალი ვეღარ იპოვეს.

დაღონებულები დაბრუნდნენ.

მესამე დღეს არაბი დაბრუნდა და თან ცხენიც მოიყვანა.

ჰკითხეს:

- ეს რატომ გააკეთეო?

მან უპასუხა:

- შორს ვიდექი, საკიდარი არა მყვანდა რა, ვერცხლი მძიმე იყო, ვერ ვზიდავდი, ცხენი წავიყვანე და ახლა უკან ვაბრუნებო.

მერე უთხრეს:

- კი, მაგრამ ვინ მოგდევდა, ცხენი რატომ დააბრუნეო?

მან გაიცინა და უსაყვედურა:

- კარგის პასუხად ეგ მექნა, ღმერთი რას მიზამდაო?

 

 

 

იგავ-არაკები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი