მეხუთე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

ერთ მოხუცებულ ბრძენს მეფემ შვილი მიაბარა და უთხრა: როგორც ამის გვარიშვილობას შეჰფერის, ისე გამომიზარდეო. მოძღვარი ბევრს ეცადა, მაგრამ უნიჭო მოწაფეს ვერაფერი შეასმინა. როცა უფლისწული დავაჟკაცდა, მამამ შემოუთვალა გამზრდელს: მოდი და ჩემი შვილი მომგვარეო.

 

გამზრდელმა გაზრდილს გზაში ასე უთხრა: უკანასკნელად კიდევ მოგცემ დარიგებას, მერე შენ იციო: „დაუჯერებელს ნუ დაიჯერებო“, „სადაც არ მისწვდეო, იქით ხელს ნუ გაიშვერო“, „გადასულ საქმეს ნუ ინანებო“.

 

დაარიგა და გაუდგნენ გზას. გზაზე მოწაფემ ჩიტი დაიჭირა და ჩაისვა უბეში. რათ გინდა ეგ ჩიტი, ცოდოა, გაუშვიო, - უთხრა მოძღვარმა და მოწაფემაც დაუჯერა და გაუშვა. ოჰ, ეგ რა ჰქენ! როგორ გაბრიყვდი, რომ ბედი ხელიდან გაუშვიო! - მიაყვირა მოხუცმა ყმაწვილს: - ეგ უბრალო ჩიტი ნუ გგონია, კუჭში ბატის კვერცხის ხელა მარგალიტი უძევსო!

 

შეწუხდა უფლისწული, გამოუდგა ისევ დასაჭერად ჩიტს, პატარა ჩიტი ხეზე შეფრინდა, ერთი შტოდან მეორეზე გადადიოდა, ის კი ვერ იჭერდა. ბოლოს სულ გაფრინდა ჩიტი. ყმაწვილმა ტირილი დაიწყო. მოხუცმა უთხრა: აგრე ინახავ შენ ჩემს დარიგებასო? რასაც ხელი არ მიგიწვდებოდა, რიღასთვის აშვერდი? განა გაფრენილი ჩიტის დაჭერა მოსახერხებელიაო? ჩემი ნათქვამი მართალიც რომ ყოფილიყო, წარსულ საქმეს ტირილით როგორღა გამოაბრუნებდი? არ გითხარ, რომ წარსულ საქმეს ნუ ინანებ-მეთქი?

 

შერცხვა ყმაწვილს და გაჰყვა მოხუცს თავჩაღუნული. მივიდნენ სასახლეში. მეფემ ნახა თავისი შვილი, აათვალიერ-ჩაათვალიერა, გამოჰკითხა ბევრი რამ და ჭკუა რომ ვერ შეატყო, გაჯავრდა მოხუცზე, არაფერი არ უსწავლებია ჩემი შვილისთვისო! ბრძენმა მოახსენა მეფეს: ერთი სათქმელი მაქვს,  მომისმინეთ და მერე შემრისხეთო: ერთი კაცი მომგვარეს სტუმრად სახლში. მე სათანადოდ ვერ მივიღე, რადგან ბინა არ მქონდა და მწყრალად დავუხვდი. სტუმარიც გაჯავრდა და წავიდა, აღარ დადგა ჩემს სახლში! როგორ ფიქრობ, მოსულს ბრალი აქვს თუ არაო? მეფემ ბრძანა: სტუმარს რა ექნა, ეგ მასპინძლის ბრალია, რომ კარგად ვერ მიუღიაო. მაშ, მე რაღად მიწყრებით, დიდებულო მეფეო! - მიუგო ბრძენმა: - სწავლა სტუმარია, ჭკუა კი მასპინძელიო და თუ თავში ჭკუა მწყრალად არის, აღარც ის მოიცდისო. მე ცოდნა მოვგვარე ამ თქვენს შვილს, მაგრამ მას  ბინა არ ჰქონდა მისთვის და ვერ მიიღო, მაშ, ჩემი რა ბრალიაო?!

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: აკაკი წერეთელი