მეხუთე საფეხური
» პატარა პრინცი (ნაწყვეტი #4)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

პატარა პრინცი (ნაწყვეტი #4)

თავისი პლანეტიდან გაქცევისას პატარა პრინცი ალბათ გარეულ ფრინველთა გუნდს შეუერთდა. მან გადაწყვიტა ჯერ მეზობელი პლანეტები დაეთვალიერებინა, რომ უქმად არ ყოფილიყო და ცოდნაც შეეძინა.

პირველ პლანეტაზე ერთი მეფე ცხოვრობდა. მას ძოწეული და ყარყუმის ბეწვი ემოსა და ძალიან უბრალო, მაგრამ დიდებულ ტახტზე იჯდა.

- აა, აი ჩემი ქვეშევრდომიც! - წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწულის დანახვისთანავე.

- ნეტა ვინ ვგონივარ? - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. მან არ იცოდა, რომ მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.

პატარა პრინცი გაოცდა: პლანეტა ასე პატარაა და ვისზე მბრძანებლობს ეს ხელმწიფეო.

- თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ, ერთი რამ გკითხოთ.

- გიბრძანებ მკითხო, - სწრაფად მიუგო მეფემ.

- თქვენო უდიდებულესობავ... ვისზე მბრძანებლობთ?

- ყველაფერზე, - უბრალოდ მიუგო მეფემ.

- ყველაფერზე? მეფემ თავის პლანეტაზე, მეზობელ პლანეტებზე და ვარსკვლავებზე მიუთითა. - ნუთუ ეს ყველაფერი თქვენი საბრძანებელია? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ყველაფერი! - მიუგო მეფემ.

ასეთმა ძალაუფლებამ აღტაცებაში მოიყვანა პატარა უფლისწული.

- მე რომ გენერალს ვუბრძანო, ყვავილიდან ყვავილზე პეპელასავით იფრინე, ტრაგედია დაწერე, ან თოლიად იქეცი-მეთქი, და მან ბრძანება ვერ შეასრულოს, ვინ იქნება დამნაშავე, ის თუ მე?

- თქვენ, - მტკიცედ მიუგო პატარა პრინცმა.

- სრული სიმართლეა, - დაუდასტურა მეფემ. - ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია.

პატარა პრინცმა მოიწყინა და დაამთქნარა.

- მე აქ საქმე აღარ მაქვს, - უთხრა მან მეფეს. - ისევე უნდა გავუდგე გზას.

- ნუ წახვალ, - მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომის მბრძანებელი გახდა. - დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ.

- რის მინისტრად?

- მე შენ დაგნიშნავ... იუსტიციის მინისტრად!

- მაგრამ აქ რომ არავინაა გასასამართლებელი?

- ვინ იცის, - მიუგო მეფემ.

- მე უკვე დავათვალიერე მთელი პლანეტა! - წამოიძახა მან. - კაცის ჭაჭანება არსადაა...

- მაშინ საკუთარი თავი გაასამართლე, - უთხრა მეფემ. - ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.

- საკუთარ თავს მე ყველგან გავასამართლებ, - მიუგო პატარა უფლისწულმა, - ამისთვის აქ დარჩენა არ არის საჭირო. 

პატარა პრინცი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი