მეხუთე საფეხური
» პატარა პრინცი (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

პატარა პრინცი (ნაწყვეტი #1)

ერთხელ, ამ ექვსიოდე წლის წინათ, საჰარის უდაბნოში მოვხვდი. ჩემი თვითმფრინავის ძრავას რაღაც დაუზიანდა და ვინაიდან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრი მყავდა, გადავწყვიტე, თავად მეცადა დაზიანებული ნაწილის შეკეთება. ამაზე იყო ახლა დამოკიდებული ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე. სასმელი წყლის მარაგი დიდი-დიდი ერთი კვირა თუ მეყოფოდა. ღამით სილაზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში. და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხამ დილით უცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა:

- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი!

- რა?

- ბატკანი დამიხატე!

ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. გაოცებული მივჩერებოდი ამ მოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. ბიჭუნა არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით, შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული. იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზა აბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა სამკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე. ბოლოს კი მოვიკრიბე ძალ-ღონე და შევეკითხე:

- კი მაგრამ... აქ რას აკეთებ?

პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა, თითქოს უაღრესად დიდმნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობსო:

- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი...

როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და მეც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი და დავუხატე. იგი გულისყურით დააცქერდა ჩემს ნახატს და მითხრა:

- არა, ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს, სხვა დამიხატე. სხვა დავუხატე. ჩემმა მეგობარმა წყნარად და მოწყალედ გამიღიმა:

- შენც ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია. რქები აქვს... ისევ დავუხატე, მაგრამ მან ესეც დამიწუნა.

- ეს ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.

უკვე ამევსო მოთმინების ფიალა... ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე. თანაც დავძინე:

- აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს.

- სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება?

- რატომ მეკითხები?

- იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა.

- მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე... იგი ისევ დააცქერდა ნახატს:

- არც ისე პატარაა... შეხედე! უკვე ჩასძინებია...

ასე გავიცანი პატარა უფლისწული.

პატარა პრინცი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი