მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

სადილის შემდეგ მთელმა ჯგუფმა გასწია რიყეზე კუს კვერცხებზე სანადიროდ. ბიჭები ჯოხით სინჯავდნენ ქვიშას. როცა ფხვიერ ადგილს შეხვდებოდნენ, დაიჩოქებდნენ, ამოურევდნენ ხელს და ზოგი ორმოდან ორმოცდაათი-სამოცი კვერცხი ამოჰქონდათ. კვერცხები მრგვალი იყო, თეთრები, კაკალზე ოდნავ მომცრო. იმ საღამოს შესანიშნავად ივახშმეს ერბო-კვერცხით და ასევე კარგად ისაუზმეს პარასკევ დილით. საუზმის შემდეგ ყიჟინით დაჰქროდნენ რიყეზე; ერთმანეთს დასდევდნენ, თან გზადაგზა ტანთ იხდიდნენ, სანამ მთლად არ გაშიშვლდნენ; ახლა თავხელ წყალში შორს შევიდნენ, ებრძოდნენ მდინარის ტალღებს, ფეხი უსხლტებოდათ და ყველაფერი ეს უფრო ამხიარულებდათ. ზოგჯერ სამივე ერთად შეჯგუფდებოდნენ, ერთმაენთს წყალს ასხამდნენ სახეში. ეს თავდებოდა საერთო ბრძოლით, რომელიც იმდენ ხანს გრძელდებოდა, სანამ გამარჯვებული წყალში თავს არ ჩააყოფინებდა მოწინააღმდეგეს. მერე უცებ სამივენი წყალში ჩაიმალებოდნენ და აქა-იქ გაიელვებდა მათი ხელ-ფეხი. შემდეგ კვლავ ზედაპირზე ამოცურდებოდნენ, ფრუტუნებდნენ, იცინოდნენ, იფურთხებოდნენ და სულს ძლივს ითქვამდნენ.

მოღალულნი ამოხტებოდნენ წყლიდან, გორაობდნენ მშრალ, ცხელ სილაში, ეფლობოდნენ შიგ, კვლავ ჩახტებოდნენ წყალში და თავიდან იწყებდნენ ყველაფერს. ბოლოს დაასკვნეს, რომ მათი შიშველი ტანი ხორცისფერ ქსოვილს ჰგავდა; სილაზე მოხაზეს წრე და გამართეს ცირკი, სადაც უნდა ეთამაშათ სამ ჯამბაზს: არც ერთს არ უნდოდა დაეთმო ეს სახარბიელო თანამდებობა.

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი