მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

ტომი ხტუნვა-ხტუნვით გავარდა ეზოში. თვალი მოჰკრა სიდს, რომელიც გარეთა კიბით ადიოდა ზედა სართულზე. მიწის გოროხები ირგვლივ ბლომად იყო და უცებ ისე სეტყვასავით დაუშინა სიდს, რომ ირგვლივ მტვრის კორიანტელი დააყენა. ვიდრე დეიდა პოლი მოსაშველებლად მოვიდოდა, ხუთი-ექვსი ყუმბარა მისწვდა მიზანში ამოღებულს, ხოლო ტომი კატასავით გადაცოცდა მესერზე და მიიმალა; ეზოს ჭიშკარიც ჰქონდა, მაგრამ, საზოგადოდ, ჩვენს გმირს არ უყვარდა დროის დაკარგვა: იქიდან არასოდეს არ გადიოდა. ახლა გულს მოეფონა, რადგანაც სიდს ანგარიში გაუსწორა გამცემლობისათვის: დეიდა პოლის შავი ძაფის ამბავი რომ გააგებინა და განსაცდელში ჩაგდო.

ტომი გავიდა გარეთ, შემოუარა სახლს, გაუხვია ტალახიან შესახვევში და დეიდა პოლის ბოსელს გაუსწორდა. აქ მას დაჭერისა და დასჯის შიში აღარ ჰქონდა. გაემართა სოფლის მოედნისაკენ, სადაც წინასწარი შეთანხმებით თავი უნდა მოეყარა საბრძოლველად ბიჭების ორ "სამხედრო" გუნდს. ერთ არმიას ტომი მეთაურობდა, მეორეს - მისი ერთგული მეგობარი, ჯო ჰარპერი. ეს ორი დიდი მხედართმთავარი თვითონ როდი კადრულობდა ხელჩართულ ბრძოლას - ეს უფრო წვრილფეხობას შეეფერებოდა; მაგრამ ბრძოლას კი ხელმძღვანელობდნენ, იდგნენ პატარა სერზე და თავიანთი ადიუტანტების საშუალებით ბრძანებებს იძლეოდნენ. ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლის შემდეგ ტომის არმიამ გაიმარჯვა. დათვალეს ბრძოლის მიზანი, მეორე გადამწყვეტი შებრძოლების დრო; შემდეგ ორივე არმია დაეწყო და დატოვა ბრძოლის ველი. ტომი შინ მარტო დაბრუნდა. 

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი