მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #25)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #25)

მეორე დღეს დილაადრიან გაუდგნენ გზას. ძნელი გზა ჰქონდათ გასავლელი. პაპანაქება სიცხე იდგა. შავკანიანები სიცხეს შეჩვეულები იყვნენ, თეთრკანიანებს კი სუნთქვაც უჭირდათ.
მეფე მათიუში თავის მშვენიერ ფანჩატურში იჯდა. ორი მსახური სირაქლემას ფრთის მარაოთი უნიავებდა. ქარავანი ნელა მიირწეოდა. გამცილებელი მოუსვენრად იყურებოდა აქეთ-იქით, გრიგალი არ ამოვარდესო. ქარბორბალა თურმე მოგზაურებს გავარვარებულ ქვიშას აყრის ცხვირ-პირში.
მთელ დღეს მგზავრები ისე მიდიოდნენ, ხმას არ იღებდნენ. გუნება მხოლოდ საღამოობით გამოუკეთდებოდათ ხოლმე, როცა ცოტათი აგრილდებოდა.
ექიმი რაღაც გამაგრილებელ ფხვნილს ასმევდა მათიუშს, მაგრამ დიდად ვერაფერს შველოდა. მათიუში ხომ ომში იყო გამოწრთობილი, ბევრი გაჭირვებაც გადაეტანა, მაგრამ პაპანაქებაში მოგზაურობა ყველაზე დიდ სიძნელედ და გაჭირვებად ეჩვენებოდა. ეჰ, წყალი რამდენად კარგია ქვიშასთან შედარებით! რა აღუწერელი ნეტარებაა გემით მგზავრობა! 
ქარავანი ორჯერ გაჩერდა ოაზისში. რა ბედნიერებაა, მწვანე ხეებს რომ უცქერი კაცი და ტიკებიდან ჩამოსხმული საზიზღარი, თბილი, აყროლებული წყლის ნაცვლად, ცივ წყალს მიირთმევ!
პირველ ოაზისში ორ დღეს იდგნენ. მეორეში კი ხუთ დღეს მოუხდათ მოცდა. აქლემები ისე იყვნენ გასავათებულები, ფეხის გადადგმა უჭირდათ.
- მზე ამ უდაბნოში ოთხჯერ რომ ამობრძანდება და ოთხჯერ ჩაესვენება შინ ვიქნებით, - ამშვიდებდნენ მათიუშს.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი