უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #10)
მართალი გითხრათ, ზედიზედ რვა კვირის განმავლობაში წვიმდა. მსგავსი რამე აქამდე გაგონებითაც კი არავის გაეგონა.
ატრაქციონების პარკი ყვავილივით დაჭკნა, გაიცრიცა, მოყანყალდა, ხასხასა ფერები გადაუვიდა, დაჟანგდა და, რადგან ქვიშაზე იყო აგებული, ნელ-ნელა ყველაფერმა დაშლა დაიწყო.
- ძია, ჩვენ ერთი საიდუმლო გვაქვს.
ჰემულს იმდენად არ უყვარდა სხვისი საიდუმლოებების მოსმენა, რომ სახეზე შიში აღებეჭდა, მაგრამ ჰომზამ სხაპასხუპით მიაყარა:
- ჩვენ თითქმის ყველაფერი გადავარჩინეთ და ახლა ფილიფიონკას ფარდულშია. იცით რამდენი ვიშრომეთ? ღამღამობით შინიდან ვიპარებოდით, წყლიდან ამოგვქონდა ყველაფერი, ხეებიდან ვხსნიდით, ვამშრალებდით, ვაპრიალებდით და რაც შეიძლება ლამაზად ვალაგებდით!
- რას ალაგებდით?
- ატრაქციონებს! ყველაფერი, რაც გადარჩა და ვიპოვეთ, შენახული გვაქვს! ხომ კარგი ვქენით?! იქნებ ჰემულებმა პარკი თავიდან ააწყონ და თქვენ ისევ შეგეძლებათ ბილეთების ხვრეტა.
უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ავტორი: ტუვე იანსონი