მეშვიდე საფეხური
» სხვადასხვა (ნაწყვეტი #52)

სხვადასხვა (ნაწყვეტი #52)

დემოკრიტე (460-370 წ. წ. ჩვ. წ. აღ. - მდე) დაიბადა ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ აბდერაში.

დემოკრიტე იზიარებდა თავისი წინამორბედების აზრს, რომ ბუნებაში ცვლილებები მიმდინარეობს. მან დაასკვნა, რომ ყველაფერი აგებულია თვალით უხილავი მარადიული და უცვლელი ნაწილაკებისგან. ამ უმცირეს „აგურებს“ დემოკრიტე ატომებს უწოდებდა.

სიტყვა ატომი ნიშნავს განუყოფელს. დემოკრიტესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმის დამტკიცება, რომ ყოველივე არსებულის შემადგენელი ნაწილაკები, თავის მხრივ, აღარ იყოფა კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საშენ მასალად ვერ გამოდგებოდნენ. თუ ატომებიც უსასრულოდ დაიყოფოდნენ კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებად, ბუნება ყინულის ლოლუასავით დაიწყებდა ლღობას.

დემოკრიტეს სჯეროდა, რომ ბუნება შედგება ატომების უსასრულო რაოდენობისა და მრავალსახეობისგან. ზოგი მათგანი მრგვალი და გლუვია, ზოგი - არაწესიერი და დაკბილული. სწორედ იმიტომ, რომ ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ შეუძლიათ ყველანაირი სხეულის შექმნა. მაგრამ რა რაოდენობისაც არ უნდა იყვნენ, ყველა ატომი მარადიული, უცვლელი და განუყოფელია.

როცა სხეული - ვთქვათ, ხე ან ცხოველი - კვდება, ატომები იფანტება და შესაძლებელი ხდება მათი გაერთიანება. ატომები სივრცეში მოძრაობენ, მაგრამ რამდენადაც მათ აქვთ „კაუჭები“ და „წვერები“, შეუძლიათ შეერთდნენ და შეადგინონ ყველა ის საგანი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ.

ლეგოსაც მეტ-ნაკლებად ის თვისებები ახასიათებს, რომლებსაც დემოკრიტე ატომებს აწერდა. სწორედ ამიტომაა ლეგოთი შენება ასე მიმზიდველი. უპირველეს ყოვლისა, ისინი განუყოფელი ბლოკებია. ამასთანავე, აქვთ სხვადასხვა ფორმა და ზომა. არიან მკვრივები და შეუღწევლები. მათაც აქვთ „კაუჭები“ და „წვერები“, რითაც ერთმანეთს უკავშირდებიან და ნებისმიერ ფიგურას ქმნიან. ეს კონსტრუქციები შესაძლებელია დაიშალოს და სრულიად ახალ ფიგურებად შეერთდეს.

ლეგოს პოპულარობის ძირითადი მიზეზი სწორედ ისაა, რომ შეგიძლია სულ ახალ-ახალი ფიგურების შესაქმნელად გამოიყენო. ლეგოს ყოველი ცალკეული ბლოკი დღეს შეიძლება სატვირთო მანქანის ნაწილი იყოს, ხვალ კი - ციხესიმაგრისა. ისიც შეგვეძლო გვეთქვა, რომ ლეგოს ბლოკები „მარადიულია“. ბავშვებს იმავე ლეგოთი შეუძლიათ თამაში, რითაც მათი მშობლები თამაშობდნენ პატარაობისას.

დემოკრიტეს არ სწამდა არსებობა რაიმე „ძალისა“ და „სულისა“, რომელსაც შეეძლო ბუნების პროცესებში ჩარევა. მისი რწმენით, არსებობდა მხოლოდ ატომები და სიცარიელე. და რამდენადაც დემოკრიტეს მხოლოდ რეალურად არსებული საგნებისა სწამდა, ჩვენ მას მატერიალისტს ვუწოდებთ.

დემოკრიტეს აზრით, ატომების მოძრაობას არ წარმართავს არავითარი შეგნებული „გეგმა“. ბუნებაში ყველაფერი მექანიკურად ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ალალბედზეა მიშვებული. ყველაფერი ბუნების კანონებს ემორჩილება. ყველაფერს, რაც ხდება, აქვს თავისი ბუნებრივი მიზეზი, რომელიც თვით საგანშივე ძევს. დემოკრიტეს ერთხელ უთქვამს, მირჩევნია ბუნების კანონი აღმოვაჩინო, ვიდრე სპარსეთის მეფე გავხდეო.

დემოკრატეს აზრით, ატომის თეორია ჩვენ მიერ სამყაროს აღქმასაც ხსნის. როცა რაღაცას ვგრძნობთ, ესეც სივრცეში ატომების მოძრაობის წყალობით ხდება. მე მთვარეს იმიტომ ვხედავ, რომ მთვარის ატომები აღწევენ ჩემს თვალებში.

 

 

 

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: