მეშვიდე საფეხური
» სხვადასხვა (ნაწყვეტი #51)

სხვადასხვა (ნაწყვეტი #51)

ალექსანდრე დიდი მაკედონიის მეფე იყო. მაკედონიაში დაიბადა არისტოტელეც, რომელიც მეურვეობდა კიდეც ჭაბუკ ალექსანდრეს. სწორედ ალექსანდრემ მოიგო გადამწყვეტი ომი სპარსელთა წინააღმდეგ. მეტიც, თავისი გამარჯვებით მან ერთმანეთთან დააკავშირა ეგვიპტე, ინდოეთი და საბერძნეთი.

ამით აღინიშნა ახალი ეპოქის დაწყება კაცობრიობის ისტორიაში. ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა  ბერძნულმა ენამ და კულტურამ. ისტორიაში ელინიზმად წოდებული ეს პერიოდი დაახლოებით 300 წელიწადს გაგრძელდა. ტერმინი „ელინიზმი“ აღნიშნავს ორივეს - დროის ამ მონაკვეთს და გაბატობენულ ბერძნულ კულტურას, რომელიც დომინირებდა სამ ელინისტურ ქვეყანაში: მაკედონიაში, სირიასა და ეგვიპტეში.

მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. 50 წლისთვის, სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებში გაბატონდა რომის იმპერია. ახალმა ზესახელმწიფომ ნელ-ნელა დაიპყრო ყველა ელინისტური ქვეყანა და მას შემდეგ რომაული კულტურა და ლათინური ენა გაბატონდა მთელ ტერიტორიაზე - ესპანეთიდან შორეულ აღმოსავლეთამდე. ასე დაიწყო რომაული პერიოდი, რომელსაც ხშირად ვუწოდებთ გვიან ანტიკურ პერიოდს. ვიდრე რომაელები ანტიკურ სამყაროს დაიპყრობდნენ, თვით რომი ბერძნული კულტურის პროვინცია იყო. ამგვარად, ბერძნული კულტურა და ფილოსოფია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მას შემდეგ, რაც ბერძნების პოლიტიკური გავლენა წარსულს ჩაბარდა.

ელინისტურ პერიოდში წაიშალა საზღვრები ქვეყნებსა და კულტურებს შორის. მანამდე ბერძნები, რომაელები, ეგვიპტელები, ბაბილონელები, სირიელები და სპარსელები თავ-თავიანთ ღმერთებს ეთაყვანებოდნენ. ამჯერად განსხვავებული კულტურები, მათი რელიგიური, ფილოსოფიური და მეცნიერული იდეები ერთ დიდ ქვაბში ათუხთუხდა.

მანამდე ადამიანები დიდ სიახლოვეს გრძნობდნენ საკუთარ კულტურასთან და ქალაქ- სახელმწიფოსთან. მაგრამ საზღვრებისა და კედლების წაშლასთან ერთად ბევრ ადამიანს ეჭვი შეეპარა საკუთარ მსოფლმხედველობაში. საზოგადოდ, გვიანი ანტიკური პერიოდი ხასიათდება რელიგიური ეჭვით, კულტურათა აღრევითა და პესიმიზმით. „ქვეყანა დაბერდა“ იმდროინდელი გამონათქვამია.

ელინისტურმა მეცნიერებამაც განსხვავებული კულტურების გავლენა განიცადა. აქ ცენტრალური როლი შეასრულა ალექსანდრიამ, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარმა. მაშინ, როცა ათენი რჩებოდა ფილოსოფიის ცენტრად ჯერ კიდევ მოქმედი ფილოსოფიური სკოლებით, ალექსანდრია მეცნიერების ცენტრი გახდა თავისი სახელგანთქმული ბიბლიოთეკითა და იქ თავმოყრილი მეცნიერებებით: მათემატიკით, ასტრონომიით, ბიოლოგიითა და მედიცინით.

ელინისტური კულტურა შეგვეძლო დღევანდელი მსოფლიოსთვის შეგვედარებინა. მაგალითად, მეოცე საუკუნე ხასიათდება ღია საზოგადოების მშენებლობით. ჩვენს დროში, ქვეყნებსა და კულტურებს შორის ფანჯრების გაჭრამ დიდი ძვრები მოახდინა რელიგიასა და ფილოსოფიაში. და როგორც რომი გადაიქცა ბერძნული, ეგვიპტური და აღმოსავლური რელიგიების თავშეყრის ადგილად ქრისტიანული ხანის დასაწყისში, დღეს უკვე, ევროპის ნებისმიერ ქალაქში ვხვდებით მსოფლიოს ნებისმიერ რელიგიას.

 

 

 

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: