მეშვიდე საფეხური
» სხვადასხვა (ნაწყვეტი #50)

სხვადასხვა (ნაწყვეტი #50)

სოკრატე, შესაძლოა, ყველაზე ამოუცნობი ფიგურაა ფილოსოფიის ისტორიაში. მას ცხოვრებაში ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. მიუხედავად ამისა, ის არის ერთ-ერთი იმ ფილოსოფოსთაგანი, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ევროპულ აზროვნებაზე. ამ ფაქტს სოკრატეს დრამატულმა სიკვდილმაც შეუწყო ხელი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი დაიბადა ათენში და ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქალაქის მოედნებსა თუ ბაზრებზე შეხვედრილ ადამიანებთან საუბარში გაატარა. სოფლად მდგარი ხეები მე ვერაფერს მასწავლიანო, უთქვამს ერთხელ. ხანდახან, თურმე, საათობით იდგა ფიქრებში ჩაფლული.

სოკრატეს სიცოცხლეშივე მიიჩნევდნენ ამოუცნობ ადამიანად, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ არაერთ ფილოსოფიურ სკოლას ჩაეყარა საფუძველი. თვით მისი პიროვნების იდუმალებამ და ორაზროვნებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული მსოფლმხედველობის სკოლები სოკრატეს მიმდევრობას იჩემებდნენ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ სოკრატე საკმაოდ უშნო იყო: ღიპიანი, თვალებგადმოკარკლული და ცხვირაპრეხილი. შინაგანად კი, როგორც ამბობენ, „საოცრად მომხიბლავი“ ყოფილა. იმასაც ამბობენ: „გნებავთ აწმყოში ეძებეთ, გნებავთ - წარსულში, მაგრამ ვერავის იპოვით მის მსგავსსო“. მიუხედავად ამისა, სოკრატეს სიკვდილი სწორედ ფილოსოფიური მოღვაწეობის გამო მიუსაჯეს.

სოკრატეს ცხოვრების წესის შესახებ ცნობები ჩვენთვის ცნობილი გახდა, ძირითადად, პლატონის ნაწერების წყალობით. პლატონი - სოკრატეს ერთ-ერთი მოწაფე - შემდგომში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი გახდა. მან დაწერა მრავალი დიალოგი ანუ ფილოსოფიური დისკუსია, რომელთა ძირითადი ფიგურაც არის სოკრატე, მისი აზროვნება და მჭევრმეტყველება.

პლატონი თავის დიალოგებში ფილოსოფიის შესახებ სოკრატეს ალაპარაკებს, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ნამდვილად სოკრატეს ეკუთვნის თუ არა დიალოგებში გამოთქმული აზრი. ადვილი არ არის ზღვარის გავლება სოკრატეს სწავლებასა და პლატონის ფილოსოფიას შორის.

მაგრამ ის ამბავი, თუ ვინ იყო სოკრატე „სინამდვილეში“ შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია. სწორედ სოკრატეს პლატონისეული სახე შთააგონებდა დასავლეთის მოაზროვნეებს შემდგომი 2500 წლის მანძილზე.

სოკრატეს  ხელოვნების არსებითი თვისება ისაა, რომ იგი არ ასწავლიდა ადამიანებს. პირიქით, უფრო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თვითონვე სურდა რაღაცის სწავლა სხვისგან. ჩვეულებრივი ლექციის ნაცვლად, სოკრატე მსჯელობდა.

ცხადია, სახელს მარტო სხვათა მოსმენით ვერ გაითქვამდა. მაშინ არც სიკვდილს მიუსჯიდნენ. თავიდან ის მხოლოდ კითხვებს სვამდა, რათა საუბარი დაწყებულიყო, თითქოს თვითონ არაფერი იცოდა. დისკუსიის მსვლელობის კვალდაკვალ თავის ოპონენტებს აგრძნობინებდა მათი არგუმენტების სისუსტეს, კუთხეში მიამწყვევდა და საბოლოოდ აღიარებინებდა, რა იყო მართებული და რა - მცდარი.

სოკრატეს შეეძლო უვიცის ნიღბით გამოსვლა ან თავის მოსულელება. ამით ის ადამიანებს აიძულებდა, მიემართათ საკუთარი გონებისთვის. ამას ჩვენ სოკრატულ ირონიას ვუწოდებთ. ეს სოკრატეს საშუალებას აძლევდა გამუდმებით ემხილებინა ადამიანთა აზროვნების სისუსტეები. ამას არც ქალაქის მოედანზე თაკილობდა. თუ სოკრატეს გადაეყრებოდი, შეიძლება, ბოლოს ხალხს სასაცილოდაც აეგდე.

ამრიგად, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით კი - გარკვეული ავტორიტეტის მქონეთ, სოკრატე უფრო და უფრო აღიზიანებდა. „ათენი ჰგავს ნელა მოჩანჩალე ცხენს, მე კი კრაზანა ვარ და ამ ცხენს ვკბენ, რომ ჩორთზე გადავიყვანო“, უთქვამს სოკრატეს ერთხელ.

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: