მეშვიდე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #26)

მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #26)

სკანდინავიური მითის თანახმად, ნორვეგიელებს სწამდათ, რომ თორი წყვილთხაშებმული ეტლით ცაში დაბრძანდებოდა. ზოგჯერ ის ჩაქუჩსაც მოიქნევდა, ამ დროს ელვა გაიკლაკნებოდა ხოლმე და ქუხილი ისმოდა.

როდესაც ჭექდა და ელავდა, მაშინ მოდიოდა წვიმაც - ესოდენ საჭირო მიწათმოქმედი ვიკინგისთვის. ამიტომაც თორს ეთაყვანებოდნენ, როგორც ნაყოფიერების ღმერთს.

მითოლოგიურად წვიმა თორის ჩაქუჩის მოქნევას უკავშირდებოდა.

ადამიანებს არ ესმოდათ, როგორ იზრდებოდა და როგორ იძლეოდა მოსავალს მინდორში დათესილი მცენარე, მაგრამ რაკი ეს პირდაპირ წვიმას უკავშირდებოდა და, წვიმა კი, თავის მხრივ, თორთან იყო დაკავშირებული, ამდენად, თორი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სკანდინავიურ ღმერთად იყო მიჩნეული.

თუმცა თორის მნიშვნელობა მარტო წვიმის მოყვანით არ შემოიფარგლებოდა.

ვიკინგები ქვეყანას სამ ნაწილად ყოფდნენ: ადამიანის სამყოფელი კუნძული იყო მიდგორდი, ანუ "შუა სამეფო", რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა. მიდგორდის ფარგლებში იყო მოქცეული ასგორდიც - ღმერთების საუფლო.

მიდგორდს გარს ეკრა უთგორდი - მოღალატე გოლიათების სამყოფელი, რომლებიც ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ ქვეყნის დასაქცევად. ამ ბოროტ ურჩხულებს ხშირად „ქაოსის ძალებს“ უკავშირებენ. არა მხოლოდ სკანდინავიურ მითოლოგიაში, არამედ თითქმის ყველა სხვა კულტურაშიც ადამიანებს მიაჩნდათ, რომ არსებობდა მუდმივი ჭიდილი კეთილ და ბოროტ ძალებს შორის.

გოლიათებს შეეძლოთ მიდგორდის განადგურება, თუ ფრეიას - ნაყოფიერების ქალღმერთს მოიტაცებდნენ. მაშინ არც ყანა ამოვიდოდა მინდვრად და ვერც ქალები გააჩენდნენ შვილებს. ამიტომ კეთილ ღმერთებს გოლიათები ახლოს არ უნდა მოეშვათ.

თორი გოლიათებთან მებრძოლი მთავარი ღმერთი იყო. მის ჩაქუჩს წვიმის მოყვანის გარდა კიდევ უამრავი რამ შეეძლო. ის იყო ქაოსის ძალებთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი იარაღი, რომელიც განუსაზღვრელ ძალას ანიჭებდა მის მფლობელს. თორს შეეძლო ჩაქუჩი გოლიათებისთვის ეტყორცნა და დაეხოცა ისინი.  დაკარგვის დარდი არ უნდა ჰქონოდა: ჩაქუჩი ბუმერანგივით მუდამ თავისით ბრუნდებოდა უკან.

ასეთი იყო მითოლოგიური ახსნა იმისა, თუ რატომ არ წყდებოდა ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

მითი მუდამ რაღაცის ახსნას ლამობს! აი, ერთ-ერთი შესაძლო ახსნა:

როდესაც გვალვა დაატყდებოდათ თავს, ადამიანები ცდილობდნენ აეხსნათ, რატომ არ მოდიოდა წვიმა. იქნებ იმიტომ, რომ თორის ჩაქუჩი გოლიათებმა მოიპარეს?

შესაძლოა, ეს მითი წელიწადის დროების ახსნის მცდელობაც იყოს: ზამთარში ბუნება კვდება, რადგან თორის ჩაქუჩი იუტუნჰეიმშია. გაზაფხულზე კი თორი თავის იარაღს უკან იბრუნებს. ასე ცდილობდა მითი იმის ახსნას, რაც ადამიანებს არ ესმოდათ.

მითი არა მარტო ხსნიდა ბუნების მოვლენებს, არამედ ხშირად რელიგიური ცერემონიების ნაწილიც იყო. გვალვისა და მოუსავლიანობის დროს ადამიანები მითში აღწერილ ამბებს განასახიერებდნენ: ერთ-ერთი გლეხი პატარძალივით გამოეწყობოდა, უბეში ქვებსაც ჩაიწყობდა, რომ თორის ჩაქუჩი დაებრუნებინა. ასე ცდილობდნენ ადამიანები წვიმის მოყვანას.

ბუნების პროცესების დასაჩქარებლად მითების ინსცენირებას მსოფლიოს სხვა ხალხებიც მიმართავდნენ. 

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: