მეშვიდე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #25)

მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #25)

აგრეც მოიქცნენ: ტანი განიბანეს და ახალთახალი ქიტონები ჩაიცვეს. მონაქალებიც მოიკაზმნენ და ცეკვა-თამაშიც გაჩაღდა. მროკველ ქალ-ვაჟთა ფეხების დგრიალი აყრუებდა დარბაზს. ასე ამბობდა ოდისევსის ბჭემაღალ სახლთან ჩავლილი მავანი:

ალბათ ქორწილს იხდის ჩვენი დედოფალი. სასიძოთაგან თუ მისთხოვდა ვისმე, არ დაელოდა ქმრის დაბრუნებას, უპატრონოდ ტოვებს სახლსა და საბადებელს!

ასე ამბობდნენ, გარნა არ უწყოდნენ, რა ამბავი დატრიალდა ამ დარბაზში. ამასობაში ევრიკლეამ დაბანა ოდისევსი, სურნელოვანი ნელსაცხებლით დაუზილა ტანი, ქიტონი ჩააცვა და ძვირფასი მოსასხამი მოასხა მხრებზე. ათინამ ღვთაებრივი მშვენებით განუმშვენა პირისახე, ახოვანება და ფერხორცი შეჰმატა. ხშირი, ოქროსფერი კულულებით შეუმკო თავი და, როგორც ჰეფესტოსებრ დახელოვნებული ოქრომჭედელი მოავარაყებს ხოლმე ოქროთი ვერცხლს, ისე განამშვენა ათინამ თხემიდან ტერფამდე მრავალტანჯული გმირი.

აბაზანიდან ღვთივგანმშვენებული გამოვიდა ოდისევსი. კვლავ პენელოპეს პირისპირ, იმავე ადგილზე დაჯდა და ასე შეესიტყვა თავის მეუღლეს:

დედაკაცო, ულმო გული ჩაუდგამთ შენთვის ოლიმპოელებს! გულშეუვალი სხვა ქალიც კი უფრო ლმობიერად შეხვდებოდა ოცი წლის უნახავ მრავალტანჯულ მეუღლეს. მაშ, შენ გამიშალე, ჩემო გადია, საწოლი. მარტო დავწვები. რკინის გული ჰქონია ამ დიაცს!

არც გულქვა ვარ და არც არაფერს გაყვედრი, კაცო! - მიუგო პენელოპემ, - ოღონდ არ მჯერა, ის ოდისევსი იყო, შეკაზმული ხომალდით რომ გავისტუმრე ითაკიდან. წადი, ევრიკლეა, ოდისევსის ნახელავ საწოლზე გაუშალე ქვეშაგები, ჩვენი ოთახიდან კარში რომ არის გატანილი!

ამ სიტყვით უნდოდა გამოეცადა პენელოპეს ოდისევსი. გამწყრალმა ოდისევსმა ფიცხლად შესძახა ცბიერ მეუღლეს.

- ეს რა თქვი, დედაკაცო! გული მომიკლა შენმა ნათქვამმა! ვის უნდა გაედგა გარეთ ჩემი საწოლი? ღმერთს თუ ხელეწიფებოდა მისი ადგილიდან დაძვრა. ხორციელთაგან, რა ვაჟკაციც უნდა ყოფილიყო, ძვრას ვერავინ უზამდა ჩვენს საწოლს! ჩვენ გარდა აკი არავინ უწყოდა მისი საიდუმლო! მე თავად გავაკეთე იგი ზეთისხილის რტომრავალი და ტანაშვეტილი, მაგარი ხისაგან. ჩვენს ეზოში იზრდებოდა ის ხე. გარშემო წმინდად გათლილი ლოდებით  შემოვუშენე, გადავხურე და კარიც ჩავუდგი. მერე ხეს ტოტები მოვკაფე და ცულით შუაზე გადავჭერი. კუნძი გავრანდე, ამოვგულე და ზედ ხარის ძოწისფერი ტყავები გადავჭიმე, ხოლო გვერდები ოქრო-ვერცხლითა და სპილენძით მოვუპირკეთე. აჰა, ნიშანი საიდუმლოსი, რომელიც ჩვენ გარდა არავინ უწყოდა! აწ აღარ ვიცი, რა ვიფიქრო: ისევ იქა დგას ჩვენი საწოლი თუ ფუძიანად მოჭრა ვინმემ და სხვაგან გაიტანა?

ოდისევსის პირით გამხელილი საიდუმლო რა ესმა, მუხლი მოუდუნდა პენელოპეს, ცრემლების ფრქვევით მიეჭრა საყვარელ მეუღლეს და ყელზე შემოეჭდო. სიხარულით ატირებული პირისახეს უკოცნიდა ქმარს და თან გულამოსკვნით ეუბნებოდა:

- ნუ, ნუ გამიწყრები, ჩემო ოდისევს! მამრთა შორის უგონიერესი იყავი მუდამ. ღმერთებს შეშურდათ ჩვენი ტკბილი ცოლქმრობა და ჭირისდღე დაგვატეხეს თავზე, რომ ერთმანეთის სიყვარულში უზრუნველ სიბერემდე ვერ მიგვეღწია! ნუ გამიწყრები და ნუ გამკიცხავ, პირველ ნახვისთანავე რომ არ გაგიხსენი წარბი. სულ იმის შიშში ვიყავ, ვინმე მოკვდავთაგანმა ტკბილი სიტყვით არ მომაცდუნოს-მეთქი! ვინ მიხვდება, ვის რა უდევს გულში? განა გაჰყვებოდა უცხო კაცს ზევსის ასული არგოსელი ელენე და გაიზიარებდა მის სარეცელს, რომ სცოდნოდა, რა სისხლის ფასად დაუჯდებოდათ აქაველ გმირებს მისი სამშობლოში დაბრუნება? ქალღმერთმა მოაცდუნა იგი და ჩაადენინა ეს უმსგავსი საქციელი. გვიანღა მიხვდა იგი, თუ რა უბედურება დაგვატეხა ამით აქაველებს. ახლა, რაკი ჩვენი საწოლის საიდუმლო ახსენე, იჭვის ნატამალიც გამიქრა გულში! ეგ საიდუმლო ხომ ჩვენ გარდა მხოლოდ ერთმა მესაწოლე ქალმა, აქტორისმა იცოდა, რომელიც მამაჩემმა გამომატანა გამოთხოვებისას. ის მუდამ ფხიზლად დარაჯობდა ხოლმე ჩვენი სანთიობოს კარს.

პენელოპეს ნათქვამმა აატირა ოდისევსი. ტიროდა იგი და გულში იკრავდა თავის ჭკვიანსა და ღვთივმშვენიერ მეუღლეს.

 

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: