მეშვიდე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #23)

მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #23)

შვიდი ქალაქი იჩემებდა ძველ საბერძნეთში ჰომეროსის მშობლიური ქალაქის სახელს - სმირნა, როდოსი, კოლოფონი, სალამინი, ქიოსი, არგოსი, ათენი. მაგრამ ჩვენს დროში აზრი დაკარგა ამ დავამ: დღეს ჰომეროსი თანაბრად ეკუთვნის არა მხოლოდ ამ ძველ ქალაქებსა და სრულიად საბერძნეთს, არამედ მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

არც მისი ამქვეყნიური დროა ზუსტად განსაზღვრული. სწავლულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ იგი ცხოვრობდა ძვ.წ. IX ან VIII საუკუნეში. ზოგის აზრით, იგი მომსწრე იყო ტროის ომისა (XII ს.), რომელიც ღვთივშთაგონებული ძალით აღწერა „ილიადაში“.

ორი გრანდიოზული პოემა, „ილიადა“ და „ოდისეა“, შთააგონა ჰომეროსს კალიოპემ - პოეზიის ეპიკურმა მუზამ. ჰომეროსის ეპოსი იმ ძველ დროში „საკითხავი წიგნი“ არ ყოფილა. აედები ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე მღეროდნენ პოემას. „ილიადა“ და „ოდისეა“ ეპოსია, ხოლო ამ ჟანრს თანამედროვე მწერლობაში რომანი შეესატყვისება.

ჰომეროსის „ოდისეა“ ძველბერძნულიდან თარგმნეს თამაზ ჩხენკელმა და ზურაბ კიკნაძემ.

 

 ***

ტროელმა უფლისწულმა პარისმა, სპარტის მეფეს, მენელაოსს, მშვენიერი მეუღლე ელენე მოსტაცა. შეურაცხყოფილი ბერძნები ტროასკენ დაიძრნენ საომრად, მაგრამ 10 წელი მოუნდნენ ქალაქის აღებას, რომელსაც ღმერთების მიერ ნაგები გალავანი იცავდა.

არც ტროას ათწლიანი ომის დასრულების შემდეგ ეღირსა ითაკის მეფეს, მრავალტანჯულ ოდისევსს სამშობლოში დაბრუნება. სანამ ითაკაში დაბრუნდებოდა, კიდევ 10 წელიწადს იხეტიალა და მრავალი თავგადასავალი გადახდა თავს. ამასობაში მის მეუღლეს, პენელოპეს, საბერძნეთის საუკეთესო ვაჟკაცები სთხოვდნენ ხელს. ყველანი ოდისევსის სასახლეში ცხოვრობდნენ და მოთმინებით ელოდნენ ქალის გადაწყვეტილებას. ერთგული პენელოპე კი მეუღლეს ელოდა.

სასიძოები არ ეშვებოდნენ პენელოპეს, უმსგავსოდ იქცეოდნენ, ანადგურებდნენ ოდისევსის ქონებას. მათ მოსაგერიებლად პენელოპემ ეშმაკურ ხერხს მიმართა. შეპირდა სასიძოებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ ამოირჩევდა ქმრად ერთ-ერთს, რაც თავის საქსოვს დაასრულებდა. მაგრამ საქსოვი არა და არ მთავრდებოდა, რადგან, რასაც დღისით ქსოვდა, ღამით თავადვე არღვევდა.

***

ევრიკლეამ  მკვირცხლად აირბინა კიბე, თავთით დაუდგა მძინარე პენელოპეს და შესძახა:

- გაიღვიძე, შვილო ჩემო! საკუთარი თვალით იხილე, რასაც ამდენ ხანს ელოდი. ჩამოგივიდა დიდი ხნის უნახავი ქმარი, შენი ოდისევსი! შემუსრა თავისი სახლის ამაოხრებელნი და ტელემაქეს შემჭირვებელნი!

- რატომ დამცინი ისედაც სვეგამწარებულს? რატომ დამიფრთხე ტკბილი ძილი?! მას შემდეგ, რაც იმ დაწყევლილ ილიონს გაემგზავრა ოდისევსი, ასე უშფოთველად არ მძინებია. ნუღა მაწუხებ! შენს ადგილზე მონათაგან სხვას რისხვით გავისტუმრებდი უკან. შენ კი სიბერეს შენსას უმადლოდე, რომ არას გეუბნები!

- არა, ჩემო საყვარელო, ჭეშმარიტი გაუწყე! როგორც წეღან გითხარ, ჩამოვიდა ოდისევსი და ახლა ქვემოთ, დარბაზში გელოდება. ეს ის ყარიბია, აბუჩად რომ იგდებდნენ სასიძოები. ტელემაქეს თავიდანვე სცოდნია ეს ამბავი, მაგრამ მამამისის ბრძნული რჩევით გულში დაუმარხავს საიდუმლო, რომ ხელი არ მოსცარვოდათ შურის მიგებისას.

ასე უთხრა ევრიკლეამ. წამსვე საწოლიდან წამოიჭრა პენელოპე და გულში ჩაეკრა მოხუც გადიას. სიხარულით ატირებულმა ესღა შესძახა დედაბერს:

- ჩქარა, ჩქარა მამცნე ყოველივე! თუ ის ყარიბი მართლა ოდისევსია, მითხარი ბარემ, როგორ შემუსრა ერთმა მრავალნი? ისინი ხომ დღემუდამ ჯგროდ ეყარნენ ჩვენს დარბაზში?

- არც მე და არც სხვა მონაქალებს არაფერი დაგვინახავს, - უპასუხა ევრიკლეამ, - მაგრამ ოთახებში გამოკეტილებს მომაკვდავთა კვნესა და სასიძოთა ვაი-ვიში გვესმოდა. ყოველი რა მიწყნარდა, შენმა ძემ, ტელემაქემ, ოდისევსთან მიხმო. დარბაზში შესულმა ეს დავინახე: დახოცილ სასიძოთა შორის ლომივით იდგა სისხლით შესვრილი ჩვენი ბასილევსი. ნეტამც მაშინ შეგეხედა მისთვის! ახლა გვამები ეზოშია გატანილი. ოდისევსმა ახრჩოლებული გოგირდით გაწმინდა დარბაზი, მე კი შენს დასაძახებლად გამომგზავნა. გამომყევ, შვილო! ერთმანეთის ნახვით გული გაიხარეთ!

 

 

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: