მეშვიდე საფეხური
» სხვადასხვა (ნაწყვეტი #48)

სხვადასხვა (ნაწყვეტი #48)

მე-19 საუკუნეში საქართველოში მომძლავრდა ბარბარიზმები და ენა საშინლად დანაგვიანდა. ეს სიტყვები რუსული ენიდან შემოიჭრა. ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა ამ მოვლენას შებრძოლებოდა. მან ხალხის ცოცხალი მეტყველება მოიშველია და ასე დაუპირისპირა „პივას“ - ლუდი, „გიპსს“ - თაბაშირი, „კოპიოს“ - ასლი, „ტამოჟნას“ - საბაჟო. დღეს ეს სიტყვები ყველასთვის ნაცნობი და გასაგებია. სალიტერატურო ენაში მათ გზა ილია ჭავჭავაძემ გაუკაფა.

ცხოვრების აჩქარებულ მაჯისცემას ბევრი ისეთი ცნებაც მოჰყვებოდა, რომელთა შესატყვისი მზამზარეული სახით არც ძველ ქართულში მოიპოვებოდა, არც ხალხის ცოცხალ მეტყველებაში. საჭირო იყო ახლის შექმნა და სწორედ აქ გამოჩნდა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი ნიჭი და ენობრივი ალღო. მან დედა-მიწის, დედა-ბოძის, დედა-ენის და სხვა ამგვარი სიტყვების ანალოგიით შექმნა სიტყვები დედა-აზრი, დედა-არსი. მისი შექმნილია დაწესებულება, წარმოება, მიწათმოქმედება, მეურნეობა. ილიას ენიდანვე იღებს სათავეს საყოველთაოდ ცნობილი და დამკვიდრებული სიტყვები: ეროვნება, კაცობრიობა, მმართველობა, მთავრობა, მიმართულება, მოთხოვნილება, ღირებულება, აგებულება, შინაარსი, სინამდვილე, საერო, საზოგადო, საყოველთაო, განყენებული...

მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1918 წელს თბილისში დაარსდა უნივერსიტეტი. გაჩნდა სხვადასხვა ტიპის უმაღლესი და სპეციალური სასწავლებლები. განვითარდა მეცნიერების მრავალი დარგი. ამ დარგების ეროვნულ ენებზე შესასწავლად და მეცნიერული ლიტერატურის შესაქმნელად საჭირო გახდა შესაბამისი ტერმინოლოგიის შექმნა. 1918 წელს დაარსდა კიდეც სატერმინო სექცია, რომელშიც გაერთიანდნენ ინჟინრები, ქიმიკოსები, მათემატიკოსები... მათ მიერ შედგენილი ქართული ტერმინოლოგია ისე დაინერგა ქართულ მეტყველებაში, თითქოს ამ სიტყვების გარეშე ქართულ ენას არასდროს ეარსებოს. ეს სიტყვებია: წნევა, დენი, ნათურა, ძრავა, სინჯარა, ხსნარი, მინარევი, მართი კუთხე, ჯერადი, ფართობი, ფართი, ტოლობა, ტოლგვერდა, წნეხი, სამკაპი, საცხი...

ამ ტერმინების უმრავლესობა გიორგი ნიკოლაძეს ეკუთვნის. გიორგი ნიკოლაძე იყო გამოჩენილი მათემატიკოსი, სპორტსმენი (ტანმოვარჯიშე), თანამედროვე ქართული სპორტის ერთ-ერთი მოთავე, მთამსვლელთა ჯგუფის სულისჩამდგმელი. 1923 წელს მყინვარწვერზე ავიდა უნივერსიტეტის სტუდენტთა და მასწავლებელთა ჯგუფი გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. ამ ასვლამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ალპინიზმის განვითარევას. გიორგი ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, ჩვენს ქვეყანაში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარება. ქართული ტანვარჯიშული ტერმინოლოგიაც მისი შედგენილია. ის, ვინც სპორტით არის დაინტერესებული, გაიგონებდა ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: ბეჭყირა, ხარიხა, ორძელი, წინმკლავი, გამკლავი, ზემკლავი... ეს ტერმინები, ფაქტობრივად, გიორგი ნიკოლაძის შექმნილია.

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: