მეშვიდე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #26)

პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #26)

მრავალფეროვან სამყაროში  გადასარჩენად ცხოველმა გარემოს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მიღება უნდა შეძლოს. ცხოველს ესაჭიროება საკვები, გამრავლებისთვის მეწყვილეს მოძებნა, სიფრთხილე, რომ მტაცებელს არ ჩაუვარდეს კლანჭებში. ამას ცხოველი შეგრძნებების საშუალებით ახერხებს. სხვადასხვა სახეობის ცხოველები განსხვავებული  ორგანოების საშუალებით გრძნობენ საფრთხეს, მათთვის სასურველი „საკვების“ მოახლოებას. მაგალითად, გრძელტერფა პრიმატი, ერთგვარი მაიმუნი, რომელსაც თავზე პატარა ტანი და ლამის ტვინზე დიდი თვალები აქვს. მას ასეთი დიდი თვალები ღამე მწერებზე სანადიროდ სჭირდება. თაგვს კი საკვების მოპოვება უკუნეთ სიბნელეშიც შეუძლია ვიბრისების - ცხვირის გარშემო არსებული მგრძნობიარე ულვაშების საშუალებით. ის ულვაშებს ნაპრალების სივიწროვის განსასაზღვრადაც იყენებს. იცის, თუ ნაპრალში ან ხვრელში ვიბრისები გაეტევა, მთელი სხეულითაც იოლად გაძვრება.

გველების უმრავლესობა საკვების საპოვნელად ყნოსვის ორგანოებს იყენებს. ისინი ორკაპა ენას ჰაერში ასავსავებენ და სუნს სასაზე არსებული ე.წ. იაკობსონის ორგანოთი შეიგრძნობენ. ეს ორგანო სურნელს განსაზღვრავს და იმასაც ადგენს, რომელ მხარეს უნდა ეძებოს საკბილო.

ბუ ჩუმი მონადირეა. ფრთებს უხმოდ იქნევს და საკბილოს შეუმჩნევლად აცხრება თავს. ის მსხვერპლს ზუსტად უმიზნებს: სახის გარშემო არსებული ბუმბულის დისკოთი სუსტ ხმასაც კი იგებს და მსხვერპლის ადგილ-სამყოფელს განსაზღვრავს. ეს დისკო სატელიტური თეფშივით მოქმედებს - სიგნალს კრებს და ბუმბულში ჩამალულ ყურებს გადასცემს.

ცხოველები განსხვავებულად იკვებებიან. ზოგი სახეობა ერთგვაროვან საკვებს იღებს, მაშინ, როცა სხვები ყველაფერს ჭამენ, რაც შეხვდებათ. მაგ., ლოკოკინაჭამია პატარა ძერა ჭაობიან ადგილებში მხოლოდ ლოკოკინებზე ნადირობს. მისგან განსხვავებით, ანდური კონდორი უზარმაზარი ფრინველია, რომელიც კილომეტრებს ფარავს საკვების საშოვნელად. ის ყველაფრით იკვებება - სანაპიროზე გამორიყული ვეშაპის მძორით დაწყებული, კვერცხებით დამთავრებული.

არსებობენ ხორცისმჭამელი და ბალახისმჭამელი ცხოველები. მაგ., ჟირაფები მცენარეთა ნორჩი ყლორტებით იკვებებიან. ის წებოვანი გრძელი ენით ადვილად ახერხებს ეკლიანი მცენარეებიდანაც მოკორტნოს ფოთლები.

სვავები და ორბები ლეშიჭამიები არიან. მათი მოკაუჭებული ნისკარტი იდეალურია ძვლებიდან ხორცის ასაწიწკნად. მათი კუჭის წვენი ძლიერ მჟავას შეიცავს, რომელიც ხოცავს გახრწნილ ლეშში არსებულ ბაქტერიებს და სხეულს მოწამვლისგან იცავს.

ფოთოლმჭრელი ჭიანჭველები თავად ამზადებენ საკუთარ საკვებს. ისინი კვნეტენ ფოთლებს, აქუცმაცებენ და პატარ-პატარა ნაჭრები ბუდეში მიაქვთ, სადაც ერთად აგროვებენ. როცა ფოთლები ლპობას იწყებს, ზედ სოკო იზრდება. სწორედ ამ სოკოთი იკვებებიან ეს ჭიანჭველები.

ბალახისმჭამელი ცხოველები თავიანთი საკვებიდან მცირე რაოდენობას ითვისებენ, ამიტომაც მათი განავალი სხვა ცხოველების დასაპურებლადაც გამოიყენება. ფუნაგორია ხოჭოები პირუტყვის ნაკელს აგროვებენ, ბურთებივით აგორგოლებენ და შიგ კვერცხებს დებენ. შედეგად ახალგამოჩეკილ ფუნაგორიებს მზამზარეული საჭმელი ხვდებათ ფუნის სახით.

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: