მეშვიდე საფეხური
» ხალიფა, კუპიდონი და საათი (ნაწყვეტი #3)

ხალიფა, კუპიდონი და საათი (ნაწყვეტი #3)

ჭაბუკმა კვლავ საათს შეავლო მზერა და მოიღუშა. შემდეგ მოკაშკაშე ციფერბლატს თვალი მოაშორა და დაჟინებით შეაცქერდა აგურის ოთხსართულიან სახლს, მის პირდაპირ, შენობების მწკრივში რომ იდგა. სახლის ფანჯარაზე ფარდები ჩამოეშვათ, ფარდებს მიღმა ბევრ ოთახში მკრთალი შუქი კიაფობდა.

- ცხრას ათი წუთი უკლია! - წარმოთქვა ვაჟმა. სახეზე უიმედობა აღებეჭდა, სახლს ზურგი შეაქცია და ორიოდე ნაბიჯი სწრაფად გადადგა წინ.

- შეჩერდით! - უბრძანა თავადმა ისეთი ძლიერი ხმით, რომ ჭაბუკი შეწუხებული შემოტრიალდა და უკმაყოფილომ გაიცინა.

- ათ წუთსაც ვაცლი და თავს დავანებებ, - ჩაიბურტყუნა თავისთვის. შემდეგ თავადს ხმამაღლა გასძახა:

- მართალი ბრძანდებით, ჩემო მეგობარო, ყველა საათი წყევლას იმსახურებს, ისევე როგორც ქალები.

- დაბრძანდით, - მიმართა თავადმა მიხეილმა წყნარად, - ქალების ასეთ მკაცრ შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით. მათი ბუნება საათს ვერ ჰგუობს, ქალი სწორედაც რომ მის მხარეზეა, ვინც ამ მონსტრისგან გათავისუფლებას ცდილობს. საათი ხომ სიამოვნებასა და ცხოვრებით ტკბობაში ხელს გვიშლის. თუ გსურთ, ასე შორს წავიდეთ, იქნებ თქვენი ამბავი მომითხროთ.

ჭაბუკი მერხზე შეხტა და რაღაც უაზროდ გაიცინა.

- კეთილი, გიამბობთ, თქვენო სამეფო უმაღლესობავ, - მიუგო მან ირონიული პატივისცემის ტონით, - ხედავთ იმ სახლს, აი, იმას, ზედა ფანჯარაში შუქი რომ ჭიატობს? ექვს საათზე სწორედ იქ ვეწვიე ჩემს სატრფოს, უფრო სწორად, საცოლეს. მას ჩემი ცუღლუტობა შეეტყო და მიწყრებოდა. მე, რა თქმა უნდა, პატიებას ვთხოვდი. ჩვენ ხომ მუდამ ამას ვემუდარებით ქალებს, ასე არ არის, ჩემო ძვირფასო პრინცო

- მოსაფიქრებლად დრო მჭირდება, - მითხრა სატრფომ. - იცოდე, ან ყველაფერს გაპატიებ, ან ვეღარასდროს მნახავ. შემდეგ დაუმატა: „ცხრის ნახევარზე, ზუსტად ცხრის ნახევარზე ამოხედე ჩემი სართულის ზედა შუა ფანჯარას. თუ პატიება გადავწყვიტე, ფანჯრიდან აბრეშუმის თეთრ ხელმანდილს ჩამოვუშვებ. ამით მიხვდები, რომ ყველაფერი ძველებურადაა და შეგიძლია დამიბრუნდე. თუ ხელმანდილს ვერ იხილავ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. აი, რატომ შევყურებ საათს, - დააბოლოვა ჭაბუკმა მწარედ, - ნიშნისთვის დათქმული დრო ოცდასამი წუთის წინ ამოიწურა. განა გასაკვირია, ცოტათი შეწუხებული ვიყო, დაკონკილთა და წვერიანთა პრინცო?!

- ნება მომეცით, გაგიმეოროთ, - კვლავ მიმართა თავადმა დამაჯერებელი ხმით, - ქალები ბუნებით საათის მტრები არიან. საათი ბოროტებაა, ქალი - სიკეთე და ღვთის წყალობა. ნიშანი ჯერ კიდევ შეიძლება გამოჩნდეს.

- არა, თქვენო უდიდებულესობავ, - განუმარტა სასომიხდილმა ჭაბუკმა, - თქვენ ხომ არ იცნობთ მერიენს. მას დაგვიანება არ სჩვევია არც ერთი წუთით. სწორედ ამ თვისებით შემაყვარა თავი, ამით მომხიბლა.

 

 

 

ხალიფა, კუპიდონი და საათი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ო'ჰენრი