მეშვიდე საფეხური
» სოფის სამყარო (ნაწყვეტი #5)

სოფის სამყარო (ნაწყვეტი #5)

უამრავ ადამიანს აქვს ჰობი. ზოგი ძველ მონეტებს ან უცხოურ მარკებს აგროვებს, ზოგი ქარგავს, ზოგიც მთელ თავისუფალ დროს თავის საყვარელ სპორტს უთმობს. ბევრს კითხვა უყვარს, თუმცა ადამიანების გემოვნება ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი მხოლოდ გაზეთებსა და კომიქსებს ეტანება, ზოგს რომანები იზიდავს, სხვები ასტრონომიის, ველური ბუნების ან ტექნიკის მიღწევების შესახებ დაწერილ წიგნებს ამჯობინებენ.

თუ მე ცხენები ან მინერალები მაინტერესებს, ვერავის მოვთხოვ, ჩემი ენთუზიაზმი გაიზიაროს. თუ ტელევიზორში წარმოდგენილ ყველა სპორტულ პროგრამას დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს, ისიც უნდა მესმოდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სპორტს მოსაბეზრებლად თვლიან.

ნუთუ არსებობს ისეთი რამ, რაც ყველას აინტერესებს და ყველას ეხება, მიუხედავად იმისა, ვინ არის ის და დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობს? დიახ, ძვირფასო სოფი, არის საკითხები, რომლებიც ყველას აინტერესებს. სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება წინამდებარე კურსი.

რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს რომ დამშეული ადამიანისთვის გვეკითხა, „საჭმელიო“, გვიპასუხებდა. სიცივისგან მომაკვდავი ადამიანის პასუხი იქნებოდა „სითბო“. თუ იმავე კითხვას მარტოსულ და გარიყულ კაცს დავუსვამდით, ალბათ, გვიპასუხებდა „ადამიანის საზოგადოებაო“.

მაგრამ თუ ეს პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ნუთუ კიდევ რჩება რაღაც ისეთი, რაც ყველას სჭირდება? დიახაც, რჩებაო, ფიქრობენ ფილოსოფოსები. მათ სჯერათ, რომ ადამიანი მარტო პურით ვერ დაკმაყოფილდება. რასაკვირველია, საკვები ყველასთვის აუცილებელია, ისევე როგორც სიყვარული და მზრუნველობა. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც ასევე სჭირდება ყველას: გაგება იმისა, თუ ვინ ვართ და რატომ ვარსებობთ.

ამგვარ ცნობისწადილს ვერ მივაკუთვნებთ ისეთ გატაცებას, როგორიცაა, ვთქვათ, მარკების შეგროვება. ისინი, ვინც ასეთ კითხვებს სვამენ, მონაწილეობენ კამათში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ პლანეტაზე ადამიანი გაჩნდა. როგორ წარმოიშვა სამყარო, დედამიწა და სიცოცხლე - ეს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი კითხვაა, ვიდრე ის, თუ ვინ უფრო მეტი ოქროს მედალი მოიპოვა ბოლო ოლიმპიადაზე.

ფილოსოფიის რაობას ყველაზე უკეთ რამდენიმე ფილოსოფიური კითხვის დასმა გაგვაგებინებს:

როგორ შეიქმნა სამყარო? არის თუ არა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ?  ამ კითხვებს ადამაინები საუკუნეთა მანძილზე სვამდნენ. არ არსებობს ისეთი ადამიანური კულტურა, რომელიც არ დაინტერესებულა იმით, თუ ვინ არის ადამიანი და როგორ წარმოიშვა ქვეყნიერება.

დღეს ამ კითხვებს ყოველმა ადამიანმა თავად უნდა გასცეს პასუხი. ღმერთის არსებობა-არარსებობისა თუ სიკვდილისშემდგომი სიცოცხლის საკითხებს ენციკლოპედიაში ვერ იპოვი. ენციკლოპედია ვერც იმას გეტყვის, როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუმცა იმის გაგება, თუ როგორ უცხოვრიათ სხვებს, ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.

ფილოსოფოსთა მიერ ჭეშმარიტების ძიება დეტექტივს ჰგავს. ზოგი ფიქრობს, მკვლელი პეტრეაო, ზოგის აზრით კი - პავლე ან ივანე. ზოგჯერ პოლიცია ახერხებს დანაშაულის გახსნას, ზოგჯერ - ვერა, მიუხედავად იმისა, რომ ამოხსნა სადღაც არსებობს. ასე რომ, რა ძნელიც უნდა იყოს პასუხის გაცემა, უნდა არსებობდეს ერთადერთი სწორი პასუხი: ან არსებობს ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, ან - არა.

ორი ათასი წლის წინ მცხოვრებ ერთ ბერძენ ფილოსოფოსს სჯეროდა, რომ ფილოსოფია ადამიანის გაოცების უნარმა წარმოშვა.

 

სოფის სამყარო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იუსტაინ გორდერი