მეშვიდე საფეხური
» სოფის სამყარო (ნაწყვეტი #3)

სოფის სამყარო (ნაწყვეტი #3)

სიცოცხლეზე ფიქრი დაიწყო თუ არა, სოფის ისიც მოუვიდა აზრად, რომ მუდამ ცოცხალი ვერ იქნებოდა. ახლა აქ ვარ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღარ ვიქნებიო, გაიფიქრა.

იყო კი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? აი, კიდევ ერთი კითხვა, რომელიც სოფის არასოდეს გასჩენია.

ნახევარი წლის წინ სოფის ბებია გარდაეცვალა და მას შემდეგ სოფის ყოველდღე ენატრებოდა ის. რა უსამართლობაა, რომ სიცოცხლე უნდა შეწყდეს!

იდგა ხრეშიან ბილიკზე, ფიქრობდა სიცოცხლეზე და ცდილობდა, დაევიწყებინა სიკვდილის არსებობა. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც კი სიცოცხლეზე დაფიქრდებოდა, მაშინვე ახსენდებოდა სიკვდილის გარდაუვლობაც და პირიქით. როცა აღიარა, რომ ერთ მშვენიერ დღეს თვითონაც მოკვდებოდა, სწორედ მაშინ მიხვდა, თუ რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე. მთელი ეს ფიქრი მედლის ორ მხარეს ჰგავდა, რომელსაც სოფი აქეთ-იქით ატრიალებდა. რაც უფრო დიდდებოდა და ნათდებოდა მედლის ერთი მხარე, მით უფრო მეტად დიდდებოდა და ნათდებოდა მეორეც.

ვერ შეიცნობ სიცოცხლეს, თუ არ გახსოვს, რომ ერთ დღესაც უნდა მოკვდეო, - ფიქრობდა სოფი, - თუმცა გარდაუვალ სიკვდილზე ფიქრიც შეუძლებელია სიცოცხლეზე ფიქრის გარეშეო.

უცებ გაახსენდა, რომ იმ დღეს, როცა ექიმმა ბებიას უკურნებელი სენის დიაგნოზი დაუსვა, მოხუცმა თქვა: „აქამდე არასოდეს მიგრძვნია, რა სიმდიდრე ყოფილა სიცოცხლე!“

რა დასანანია, რომ ადამიანთა უმეტესობას მანამდე არ ესმის, რა ძვირფასი საჩუქარია სიცოცხლე, სანამ სნეულებასა და სატკივარს არ გადაეყრება! ან კიდევ - საიდუმლო წერილს არ აღმოაჩენს საფოსტო ყუთში!

ეგებ საფოსტო ყუთში კიდევ იყო რამე? სოფი ჭიშკრისკენ გაიქცა, მწვანე ყუთში ჩაიჭყიტა... და გაოგნებული დარჩა: იქ ზუსტად ისეთივე კონვერტი იდო! არადა, პირველი კონვერტის ამოღების შემდეგ ყუთი ნამდვილად ცარიელი დატოვა! ამ კონვერტსაც მისი სახელი ეწერა. სოფიმ კონვერტი გახია და იმავე ზომის ქაღალდი ამოაძვრინა.

როგორ გაჩნდა სამყარო? - ეწერა ქაღალდზე.

„არ ვიცი. ალბათ, არც არავინ იცის, მაგრამ მაინც საინტერსო კითხვაა“, - გაიფიქრა სოფიმ. ცხოვრებაში პირველად მოუვიდა აზრად, რომ სწორი არ არის, დედამიწაზე ცხოვრობდე და ერთხელაც არ დაინტერესდე, საიდან გაჩნდა ეს ქვეყანა.

საიდუმლო წერილებმა თავბრუ დაახვია. სოფიმ ბუნაგში, ანუ თავის ყველაზე საიდუმლო სამალავში, ჩაჯდომა გადაწყვიტა. სწორედ აქ იმალებოდა, როცა საშინლად გაბრაზებული, საშინლად მოწყენილი ან საშინლად ბედნიერი იყო. დღეს კი სოფი შეცბუნებული და თავგზააბნეული ჩანდა.

წითელ სახლს გარს ერტყა ვეებერთელა ბაღი ყვავილნარით, კენკრის ბუჩქებითა და სხვადასხვა ხეხილით, კოხტა სარწეველათი დამშვენებული ფართო გაზონით და პატარა ფანჩატურით, პაპამ რომ აუშენა ბებოს, როცა მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მას პირველი ბავშვი დაეღუპა. საბრალო ჩვილს მარი ერქვა, მის საფლავზე კი ეწერა: „პატარა მარი მოვიდა ჩვენთან, მოგვესალმა და ისევ დაგვტოვა“.

 

 

სოფის სამყარო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იუსტაინ გორდერი