მეექვსე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #31)

პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #31)

ჭიანჭველას მწერების მეფეს უწოდებენ. ის უწყინარი, შრომისმოყვარე და ძლიერი მწერია. მსოფლიოში დაახლოებით 12 000 სახეობის ჭიანჭველას შეხვდებით. ისინი ანტარქტიკის გარდა ყველა კონტინენტზე ცხოვრობენ.

ჭიანჭველები ოჯახებად ცხოვრობენ ბუდეებში. ჭიანჭველების ბუდეებს ნახავთ მიწისქვეშ, ხეებში, ქვის ქვეშ, ზოგიერთი სახეობა კი მცენარეების ნაწილებისგან აგებს ბუდეს.

ჭიანჭველები ძირითადად მცენარის წვენითა და სხვა მწერებით იკვებებიან. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1–3 წელია.

ჭიანჭველების შესაძლებლობები გაოცებას იწვევს. მათ შეუძლიათ საკუთარზე 100- ჯერ მძიმე ნივთის ტარება და თანაც რეკორდულ მანძილზე, რაც შემდეგი ფაქტორით აიხსნება: ჭიანჭველა დიდი რაოდენობით იღებს საკვებს (ენერგიას), გარდა ამისა, მწერს მოხერხებული აგებულება და გადაადგილების სტილი აქვს. აღსანიშნავია მათი ფეხები, რომლებიც ნებისმიერ ზედაპირზე აძლევს მათ თავისუფალი მოძრაობის საშუალებას, ჭიანჭველას გლუვ მინაზე ვერტიკალურად დაკიდებულ მდგომარეობაშიც კი ათეულჯერ მძიმე ტვირთის ტარება შეუძლია.

საინტერესოა, რომ ჭიანჭველების მთლიანი მასა (წონა) ადამიანის ჯამურ მასას უტოლდება, ანუ ხმელეთზე ადამიანების შემდეგ ჭიანჭველები ბატონობენ. ისინი მუდამ საკვების ძიებაში არიან და მათ მიერ შთანთქმული საჭმელი წარმოუდგენელ რაოდენობას აღწევს. ჭიანჭველები უფრო მეტ საკვებს იღებენ, ვიდრე ლომები, მგლები და ვეფხვები ერთიანად.

ჭიანჭველების ოჯახი სამი კასტისგან შედგება: მდედრები, მამრები და მუშა ინდივიდებისგან.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ოჯახში დედოფალია. ის ყველა ჭიანჭველას „დედაა“ და ბუდის სპეციალურ ნაწილში არის მოთავსებული. ის ძალიან დიდი ზომისაა თავის "თანამოქალაქეებისგან" განსხვავებით, უმოძრაოდ წევს და განუწყვეტლივ დებს კვერცხებს.

მუშები მას კვებავენ, უვლიან და კვერცხები საგანგებო განყოფილებაში „ინკუბატორში“ გადააქვთ. ჭიანჭველებისთვის უმთავრესია მომავალი თაობა. ამიტომ კვერცხებს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.

თითოეულ ოჯახს ჰყავს მამა და ჯარისკაცი ჭიანჭველა. ჯარისკაცი ჭიანჭველები მამა ჭიანჭველებს ოჯახის მახლობლად გავლას უკრძალავენ. წესის დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მოკლან და შეჭამონ ისინი.

არსებობენ პარაზიტი სახეობებიც, რომლებიც სხვა სახეობის ბუდეებში ცხოვრობენ. მონათმფლობელი ჭიანჭველები, რომლებიც იტაცებენ სხვა სახეობის კვერცხებს და გამოჩეკვისთანავე საკუთარ ბუდეებში ამუშავებენ მონებად.

ჭიანჭველას ბუნებაში ძალიან ცოტა მტერი ჰყავს, რაც მათი კოლექტიური და ორგანიზებული ცხოვრების წესის დამსახურებაა. გასაკვირია, მაგრამ ამაზონის ჯუნგლებში ჭიანჭველებს ჯუნგლების მეფეც შეარქვეს.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: