მეექვსე საფეხური
» ჯაფარა (ნაწყვეტი #5)

ჯაფარა (ნაწყვეტი #5)

ბიბლიოთეკაში ოცდათორმეტ წიგნს ვპოულობ, რომლებშიც გულის მუშაობა არის აღწერილი. მამა ბიბლიოთეკარს ეთათბირება და მეუბნება, რომ მისი ბარათის გამოყენებაც შემიძლია. ესე იგი უკვე ბევრ წიგნზე მიმიწვდება ხელი. ზოგიერთი მათგანი საბავშვოა, ზოგიც - უფროსებისთვის განკუთვნილი, თუმცა ჩემთვის ყველაფრის წაკითხვა შეიძლება, ვინაიდან წაკითხულის გააზრების უნარი იმდენად განვითარებული მაქვს, რომ მისი ქულებით შეფასებაც კი ვერ ხერხდება.

ხშირად ერთსა და იმავე წიგნებს ისევ და ისევ, ისევ და ისევ ვაბულბულებ. მიყვარს წიგნები, რადგან რაც მათში წერია, არასოდეს იცვლება, ყოველ ჯერზე იგივე რჩება. ხალხი ამბობს, წიგნს ყდით ვერ განსჯიო, მაგრამ, მე მგონი, ცდებიან, რადგან გარეკანი ბევრს გვეუბნება წიგნის შინაარსზე. და მნიშვნელობა არ აქვს, მერამდენედ კითხულობ წიგნს, სიტყვები და სურათები ყველა ჯერზე ზუსტად ისეთივეა. მათ მაინც არაფერი მოუვა, ათასჯერ რომ გახსნა და დახურო წიგნი. ისინი არასოდეს იცვლებიან.

წიგნები ადამიანებს არ ჰგვანან. ისინი უსაფრთხონი არიან.

ამ ოცდათორმეტ წიგნში გულის შესახებ უამრავი ინფორმაციაა და მეც ყველაფერს ვკითხულობ. ამ წიგნებიდან გავიგე, რომ, თუ გსურს ჯანმრთელი იყო, ზუსტად დევონივით უნდა ივარჯიშო. ის თითქმის ყოველდღე დარბოდა და ფეხბურთს ან ბეისბოლს თამაშობდა. ზუსტად დევონივით უნდა იკვებო, ის ტკბილეულს, ჩემგან განსხვავებით, ათასში ერთხელ თუ გაეკარებოდა. სიგარეტი არ უნდა მოწიო, რადგან ეს ჩვევა ცუდად მოქმედებს შენს გულზე და თან ისე ყარს, შეიძლება გულიც აგერიოს.

გულის უამრავი დაავადება არსებობს. ზოგს მოწევა აჩენს, ზოგს - სმა, ზოგს კი - სიმსუქნე და უმოძრაო ცხოვრების წესი. სნეულებათა ნაწილი სიბერისას გემართება, ნაწილი კი თანდაყოლილია. ზოგჯერ კი გულის შეტევა უეცრად გემართება და ამ დროს შენზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. მხოლოდ ის უნდა სცადო, როგორმე საავადმყოფომდე მიასწრო, რათა გადარჩენის შანსი გაიზარდოს.

მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე ჩემს კითხვებზე: როცა ტყვიას გესვრიან, რამდენ ხანს შეუძლია გულს მუშაობა? შეასრულებენ სხეულის სხვა ნაწილები მის მოვალეობას? ექიმებს შესწევთ ძალა, ადამიანი გულის გარეშე აცოცხლონ? უგულოდ იგივე პიროვნება ხარ? ან საერთოდ, ხარ კი პიროვნება?

ამ თემაზე ერთადერთი პასუხი ვიპოვე:

გულში მოხვედრილი ტყვია თითქმის ყოველთვის საბედისწეროა.

ჯაფარა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქეთრინ ერსკინი