მეექვსე საფეხური
» ჯაფარა (ნაწყვეტი #3)

ჯაფარა (ნაწყვეტი #3)

შიმშილი მაღვიძებს. ჩემს ელმოს გამოსახულებიან საათს დავცქერი. ელმო მატყობინებს, რომ სადაცაა შვიდის ნახევარი გახდება. მე ჰოლში გავდივარ და ჩემი ოთახის პირდაპირ კარს შევცქერი. ამ კარს უკან დევონის ოთახია. მამას მას შემდეგ არ გაუღია, რაც ჩვენი ცხოვრება ნამსხვრევებად იქცა. მე მისი შეღება არ შემიძლია, რადგან მამამ მითხრა, თუ სააბაზანოს კარი დაკეტილია, არ უნდა გავაღო, თუ საწერი მაგიდის უჯრა ჩაკეტილია, არ უნდა გავაღო და თუ დაბეჭდილ კონვერტს ჩემი სახელი არ აწერია, არ უნდა გავხსნა. ჰოდა, ამიტომაც დევონის ოთახის კარს არ ვაღებ.

თუმცა ძალიან მინდა შესვლა. მინდა შიგ შევაბიჯო და დევონს ვუთხრა: „დევონ, მშია!“ და ისიც ისე გაიღიმებს, ლოყებზე ფოსოები გაუჩნდება და მეტყვის: „სხვათა შორის, მეც“. მერე მამას მოვძებნით და პიცას შევუკვეთავთ, რადგან დღეს ხუთშაბათია და ჩვენც ტელევიზორში  „ფორტუნას ბორბალს“ ვუყურებთ და თან თბილ პიცას შევექცევით, გვერდებიდან ყველი რომ ეღვენთება. ამაზე მახსენდება, როგორ მშია და მამას ვეძებ.

ის დივანზე ზის და ხალიჩაზე დამჩნეულ ლაქას დასჩერებია.

-  შვიდის ნახევარია, - ვეუბნები.

მამა არ მპასუხობს.

- შვიდის ნახევარია, ჭამის დროა, - ვუმეორებ მე, ეგებ დაავიწყდა, რას ვაკეთებთ ხოლმე შვიდის ნახევარზე.

ის ისევ დუმს.

- მამა, შვიდის ნახევარია!

იგი კვლავ ლაქას მიშტერებია, მაგრამ ბოლოს მაინც მპასუხობს:

- არ მშია.

- მაგას რა მნიშველობა აქვს, შვიდის ნახევარია.

ის ოხრავს.

- კარგი. კარგია, რომ უკეთ ხარ. ახლავე გავაწყობ ვახშამს. მოდი, რაც გვაქვს, იმით დავნაყრდეთ.

- არა, დღეს ხომ ხუთშაბათია, დღეს პიცის საღამოა.

- არა, კეიტლინ.

ჩემი ფსიქოლოგი, მისის ბრუკი ამბობს, რომ ადამიანებს თვალებში უნდა ვუყურებდე. ამბობს, რომ ადამიანის თვალებში მისი ემოციების წაკითხვაა შესაძლებელი. ოღონდ არა ჩემთვის. ჩემი აზრით, თვალების გამომეტყველება ყოველთვის ერთნაირია. აი, ტუჩებს კი სულ ამოძრავებენ და წარმოთქვამენ სიტყვებს. თუკი მინდა გავიგო, რას ამბობენ, მე ადამიანების ტუჩებს ვუყურებ, თუმცა, მისის ბრუკის თქმით, ვერავინ შეძლებს ასე ბოლომდე მათი ნამდვილი ზრახვების ამოცნობას. სწორედ ამიტომ ვერ ვხვდები, რას გრძნობს მამა და რატომ არ უნდა, პიცა გამოიძახოს. დღეს ხომ ხუთშაბათია!

ჩვენ სამზარეულოს მაგიდასთან ვსხდებით და ორცხობილასა და ჩაის შევექცევით. მამა ქსუტუნებს. მერე სუფრიდან დგება ისე, რომ ორცხობილას ხელუხლებლად ტოვებს. აღარც მე მშია, ამიტომ ჩემს თეფშს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ვუჩენ ადგილს. შემდეგ, როგორც ყოველთვის, ვჯდები და ხატვას ვიწყებ. დევონი მეუბნება, ერთი დღეც რომ არ ხატო, შეიძლება მოკვდეო. ჯერ არ მოვმკვდარვარ, რადგან არც ერთი დღე არ გამიტარებია ხატვის გარეშე.

მამა კვლავ დივანზე ჯდება და ხალიჩაზე საღებავის ლაქას უშტერებს თვალს.

ჯაფარა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქეთრინ ერსკინი