მეექვსე საფეხური
» ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #1)

ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #1)

დედა და მამა სამსახურში წასასვლელად რომ ემზადებდნენ, ლაპარაკს მოვკარი ყური. მეც ვიცვამდი, სკოლაში უნდა წავსულიყავი.

- უფრო მეტად უნდა შეემზადებინათ ბავშვები, - უთხრა დედამ მამას, - სკოლას მშობლებისთვის წერილები უნდა დაეგზავნა ან, რა ვიცი.

- კარგი, რა, - არ დაეთანხმა მამა, - და, შიგ რა ჩაეწერათ? რა ეთქვათ? თქვენს კლასში ერთი შეუხედავი ბავშვიაო? კარგი, რა.

- შეუხედავიც არის და შეუხედავზე მეტიც.

- მოდი, ერთ ამბავს ნუ ავტეხთ, რა მელისა.

- შენ ხომ არ გინახვს ჯულს, - შეეპასუხა დედა, - ძალიან მძიმე შემთხვევაა. მშობლებს უნდა გვცოდნოდა. მე აუცილებლად უნდა მცოდნოდა! განსაკუთრებით, ჯულიანის შფოთვების გადამკიდე.

- რა შფოთვების? - ვიღრიალე მეორე ოთახიდან და მათ საძინებელში შევვარდი, - მაშ, მე შფოთვები მაქვს?

-  არა, ჯულიან, - დამაწყნარა მამამ, - მაგას ვინ ამბობს?!

- ამ წუთში არ თქვა დედამ?! - მივახალე და ხელი დედასკენ გავიშვირე, - ჩემი ყურით გავიგონე, შფოთვებიო. მაშ თქვენ გგონიათ, ფსიქიკური პრობლემები მაქვს?

- არა! - ერთად თქვა ორივემ.

- კოშმარების გამო?

- არა! - იღრიალეს ერთად.

- რა ჩემი ბრალია, ჩვენს სკოლაში რომ დადის! რა ჩემი ბრალია, მაგისი სახე რომ მაცოფებს?

- არა, საყვარელო, შენი რა ბრალია, - მითხრა დედამ, - მაგას ვინ ამბობს. მე მარტო ის ვთქვი, შენი კოშმარების გამო, მე უნდა მცოდნოდა. რომ გაეგებინებინათ, მივხვდებოდი, რატომ გესიზმრებოდა კოშმარები. მეცოდინებოდა, რამ გამოიწვია.

საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. მამას კლასის სურათი ეჭირა. როგორც ჩანს, ჩემს შესვლამდე ათვალიერებდა.

- იმედია, მაგას დაწვას უპირებთ, - ვთქვი სერიოზულად.

- არა, ჩემო კარგო, - დედა გვერდით მომიჯდა, - არაფრის დაწვა არ დაგჭირდება. ნახე, რა ვქენი!

ტუმბოდან მეორე სურათი აიღო და გამომიწოდა. თავიდან ვიფიქრე, კლასის სურათის ასლია - მეთქი, ზუსტად იმხელა იყო, რამხელაც კლასის სურათი, მამას რომ ეჭირა, და ზედ ყველაფერი ზუსტად იმნაირად ჩანდა. ავიმრიზე და თვალი მოვაშორე, მაგრამ დედამ სურათზე ერთ ადგილას მიმითითა - იქ, სადაც ავგი უნდა ყოფილიყო. ავგის კვალიც კი არ ჩანდა.

თვალს არ ვუჯერებდი! ავგის კვალიც კი არ ჩანდა!

დედას ავხედე. გაბრწყინებული მიყურებდა.

- ფოტოშოფის მაგია! - მხიარულად შემოკრა ტაში, - ახლა, რამდენიც გინდა, იმდენი უყურე მაგ სურათს. მეხუთე კლასის მოგონებებს არაფერი წაგიხდენს!

- რა მაგარია! როგორ ქენი?

- მე ხომ ფოტოშოფი კარგად ვიცი. გახსოვს, შარშან ჰავაის სურათებზე ცა როგორ გავაცისფერე?

-  აბა, დახედავ და ვერც კი იფიქრებ, რომ ყოველდღე წვიმდა, - შეაგება მამამ და თავი დაუქნია.

- რამდენიც გინდა, იცინე, - არ შეეპუა დედა, - მაგრამ ახლა, როცა იმ სურთებს ვუყურებ, აღარ მახსენდება, კინაღამ როგორ ჩაგვეშალა შვებულება უამინდობის გამო. მარტო ის მახსოვს, რა მშვენივრად დავისვენეთ! და ახლა მინდა, ბიჩერის სკოლაში სწავლის მეხუთე წელი სიამოვნებით გაგახსენდეს ხოლმე. ხომ, ჯულიან? სასიამოვნო მოგონებები და არა უსიამოვნო.

- გმადლობ, დე! - ჩავეხუტე დედას.

რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ფოტოებზე ცას ფერი კი შეუცვალა, მაგრამ ჰავაიზე მოგზაურობის გაფიქრებისას მაინც სულ ის მახსენდება, რა სიცივე იყო ჩვენი იქ ყოფნის დროს, როგორ წვიმდა და რა ნესტი იდგა. მიუხედავად ფოტოშოფის მაგიისა...

 

 

 

 

 

ავგუსტი და მე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ. ჯ. პალაციო