მეექვსე საფეხური
» საოცრება (ნაწყვეტი #5)

საოცრება (ნაწყვეტი #5)

ავგუსტს ყოველთვის სხვა თვალით ვუყურებდი და ვერასდროს ვამჩნევდი იმას, რასაც სხვები. ვიცოდი, რომ მთლად ნორმალურად არ გამოიყურებოდა, მაგრამ მართლა ვერ ვხვდებოდი, უცხოები რატომ ფეთდებოდნენ მის დანახვაზე. უამრავი სიტყვით შემიძლია აღვწერო იმ ხალხის გამომეტყველება. დიდხანს ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა და ვბრაზობდი. ვბრაზობდი, როცა აშტერდებოდნენ; ვბრაზობდი, როცა თვალს არიდებდნენ. ვუყვიროდი ხოლმე, რა ჯანდაბად მიშტერებიხართ–მეთქი. უფროსებსაც კი.

მერე, ასე თერთმეტი წლისა, ოთხი კვირით ბებიკონასთან გამიშვეს მონტოკში, სანამ ავგუსტს ყბის მძიმე ოპერაციას გაუკეთებდნენ. შინიდან წინათ ამდენი ხნით არ წავსულვარ და, გამოგიტყდებით, საოცარი იყო: ერთბაშად გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რაც მაცოფებდა. არავინ გვაშტერდებოდა მე და ბებიკონას, როცა მაღაზიაში შევდიოდით, არავინ თითს არ იშვერდა. ვერც კი გვამჩნევდნენ.

ბებიკონა იმ ბებიების რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც შვილიშვილებს არაფერზე დაზარდებიან. რომ მეთხოვა, საგარეო კაბით შევარდებოდა ოკეანეში. თავის კოსმეტიკას მაძლევდა სათამაშოდ და არ მიბრაზდებოდა, თუგინდ მის სახეზე მევარჯიშა მოხატვის ხელოვნებაში. ნაყინს შემაჭმევდა, გინდ ნასადილევი არ ვყოფილიყავი. სახლის წინ, ტროტუარზე, პასტელით ცხენებს მიხატავდა. ერთ საღამოს, ქალაქიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, ვუთხარი, ნეტავ სულ შენთან ვცხოვრობდე–მეთქი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მგონი, საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში.

ოთხი კვირის შემდეგ, შინ რომ დავბრუნდი, სახლს გადაჩვეული ვიყავი.  მახსოვს, ზღურბლს რომ გადავაბიჯე, გახარებული ავგუსტი ჩემკენ გამოიქცა; წამიერად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ავგუსტი ისეთი კი არ დავინახე, როგორსაც საერთოდ ვხედავდი, არამედ ისეთი, როგორსაც სხვები ხედავდნენ. სულ ერთი გაელვება იყო, ერთი წამი, როცა ჩემი შინ დაბრუნებით გახარებული ჩამეხუტა, მაგრამ მაინც გავოგნდი, იმიტომ, რომ ასეთი არასოდეს დამინახავს. და არც ის მიგვრძვნია არასდროს, რაც იმ მომენტში ვიგრძენი: ის, რის გამოც თავი შემჯავრდა. და უცებ ის ვიგრძენი, რასაც ყველა გრძნობდა, ვინც აშტერდებოდა ან თვალს არიდებდა:

შიში. ძრწოლა...

კიდევ კარგი, ეს ამბავი წამზე მეტხანს არ გაგრძელებულა: როგორც კი ავგუსტის ხმადაბალი, ჭრიალა სიცილი გავიგონე, მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მაგრამ კარი მაინც გაიღო. ღრიჭოდ. და იმ ღრიჭოში ორი ავგუსტი გამოჩნდა: ის, რომელსაც მე ვხედავდი ბრმად და ის, რომელსაც სხვები ხედავდნენ.

მთელ ქვეყანაზე ერთადერთი ადამიანისთვის შემეძლო ამის გამხელა – ბებიკონასთვის, მაგრამ არ ვუთხარი. ტელეფონით ვერ ვეტყოდი. ვიფიქრე, ეგებ, მადლიერების დღეს რომ ჩამოვა, მაშინ ვუთხრა–მეთქი, მაგრამ არ გასულა ორი თვე მას მერე, რაც მონტოკში მასთან სტუმრად ვიყავი, რომ ჩემი ლამაზი ბებიკონა მოკვდა. სრულიად მოულოდნელად. ცუდად გამხდარა და საავადმყოფოში წასულა. მე და დედა მაშინვე გავქანდით, მაგრამ მონტოკამდე სამი საათის გზაა, და როცა საავადმყოფოში მივედით, ბებიკონა აღარ იყო. ინფარქტიაო, გვითხრეს. მორჩა და გათავდა.

რა უცნაურია: დღეს აქ ხარ, დედამიწაზე, ხვალ კი – არა. სად წავიდა ბებიკონა? ოდესმე მართლა ისევ შევხვდები თუ ზღაპრებია, რასაც ჰყვებიან?

მონტოკში ყოფნის ბოლო დღეს მე და ბებიკონა პლაჟზე ვისხედით და დაისს გავყურებდით. პლედი გვქონდა წაღებული და ზედ ვისხედით, მაგრამ მერე აგრილდა და შემოვიხვიეთ. ვისხედით ჩახუტებულები და ვლაპარაკობდით, სანამ ოკეანის ზედაპირზე მზის ზოლი მთლიანად არ გაქრა. და, მაშინ იყო, ბებიკონამ რომ მითხრა, ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო: დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად შენ მიყვარხარო.

– ავგუსტზე მეტადაც? – ვკითხე. გაეღიმა და თმაზე ხელი ჩამომისვა, თითქოს ფიქრობდა, რა პასუხი გაეცა.

– ავგიც ძალიან, ძალიან მიყვარს, – თქვა ალერსიანად, მაგრამ ავგის უკვე ბევრი მფარველი ანგელოზი ჰყავს.

გავიგე. იმასაც მივხვდი, რატომ მითხრა, საიდუმლოაო. ყველამ იცის, რომ ბებიებს ყველა შვილიშვილი ერთნაირად უნდა უყვარდეს. ბებიკონას სიკვდილის შემდეგ ამ სიტყვებს საიდუმლოდ ვატარებ და ყოველთვის გულს მალამოდ მედება.

 

 

 

საოცრება

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ.ჯ. პალაციო