მეექვსე საფეხური
» საოცრება (ნაწყვეტი #3)

საოცრება (ნაწყვეტი #3)

სექტემბერში ძალიან გამიჭირდა. დილაობით ადრე ადგომას შეჩვეული არ ვიყავი, არც საშინაო დავალებების კეთებას. დავალებები იქით იყოს და თვის ბოლოს პირველი ჩათვლაც გვქონდა. როცა დედა მამეცადინებდა, არანაირი ჩათვლა არ გვქონია. არც ის მომწონდა, რომ თავისუფალი დრო აღარ მრჩებოდა. წინათ, როცა მომინდებოდა, მაშინ ვთამაშობდი, ახლა კი გაუთავებლად გაკვეთილებს ვმეცადინეობდი.

თავიდან სკოლაში ყოფნაც საშინელი იყო. ყოველ ახალ კლასში ბავშვები მთელი ძალ–ღონით ცდილობდნენ არ მომშტერებოდნენ. წამოსწევდნენ რვეულის ფურცელს, ამოეფარებოდნენ და ქურდულად გამომხედავდნენ, ან მაშინ, როცა ეგონათ, არ ვუყურებდი. რაც შეეძლოთ, შორიდან მივლიდნენ, თითქოს ეშინოდათ, რამე საშინელი ბაცილა არ გადასდებოდათ, გეგონება, გადამდები რამე მქონდეს.

დერეფნებში, სადაც სულ ჭედვაა, ჩემი სახის დანახვაზე ვიღაც ყოველთვის შეშდებოდა – ალბათ ის, ვისაც ჩემზე არ სმენოდა. რაღაც ხმა ამოუვიდოდა – ისეთი, როგორსაც მაშინ გამოსცემ, წყალში ჩაყვინთვამდე სუნთქვას რომ იკავებ – ხმადაბალი „ჰუ!“. პირველ კვირებში ეს ამბავი დღეში ოთხ–ხუთჯერ ხდებოდა: კიბეზე, კარადების წინ, ბიბლიოთეკაში. სკოლაში ხუთასი ბავშვი იყო და ადრე თუ გვიან ჩემს სახეს ყველა ნახავდა. ვიცი, ორიოდე დღეში ჩემი ამბავი მთელ სკოლას მოედებოდა. შიგადაშიგ ვხედავდი, როგორ ჰკრავდა რომელიმე ბავშვი მუჯლუგუნს თანამგზავრს, გვერდით ჩამივლიდნენ ან პირზე ხელაფარებულები ალაპარაკდებოდნენ, ახლოს რომ დამინახავდნენ. ვხვდებოდი, რასაც ამბობდნენ, თუმცა მირჩევნია ამაზე საერთოდ არ ვიფიქრო.

ასე განა ცუდი განზრახვით იქცეოდნენ: არც ერთ ბავშვს არ დაუცინია და არ დამჭყანვია. მინდოდა მეთქვა, ვიცი, რომ უცნაური შესახედავი ვარ. მიყურეთ, რამდენიც გინდათ, არ ვიკბინები–მეთქი. აი, ვთქვათ, სკოლაში რომელიმე ჰუმანოიდი, მაგალითად, „ვარსკვლავური ომების“ ვუკი რომ გამოჩენილიყო, მეც ხომ დავინტერესდებოდი, მეც ხომ მივაშტერდებოდი! და თუ მეგობართან ერთად ჩავუვლიდი, მეც ხომ გადავუჩურჩულებდი, შეხედე, ვუკი–მეთქი. და თუ ვუკი გაიგონებდა, ხომ მიხვდებოდა, რომ საწყენად არ მითქვამს. უბრალოდ ფაქტი დავაფიქსირე, რომ ვუკია.

ჩემს კლასელებს ერთი კვირა დასჭირდათ, ჩემს სახეს რომ მისჩვეოდნენ. დანარჩენ მეხუთეკლასელებს, რომლებსაც ბუფეტში, ეზოში, სპორტზე, მუსიკაზე, ბიბლიოთეკაში და ინფორმატიკაზე ვხვდებოდი – ორი კვირა.

აი, რა შეგონება დაგვიწერა მისტერ ბრაუნმა ოქტომბერში:

საქმენი შენნი ძეგლია შენი.

გვითხრა, რამდენიმე ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელის საფლავზე ეწერაო. და რაკი ისტორიაში სწორედ ძველი ეგვიპტის შესწავლა უნდა დაგვეწყო,  ეს ფრაზა დროული ჩათვალა.

საშინაო დავალებად შეგონების ახსნა-განმარტება და ამ ფრაზასთან დაკავშირებით ჩვენი აზრის გადმოცემა დაგვავალა.

აი, რა დავწერე:

ეს შეგონება ნიშნავს, რომ ადამიანები ჩვენი საქმეებით დაგვიმახსოვრებენ. რადგან ჩვენი ნამოქმედარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რასაც ვამბობთ ან როგორი შესახედავებიც ვართ. ჩვენი ნამოქმედარი ჩვენ შემდეგაც ცოცხლობს.

 

 

 

საოცრება

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ.ჯ. პალაციო