მეექვსე საფეხური
» საოცრება (ნაწყვეტი #2)

საოცრება (ნაწყვეტი #2)

რა დასამალია: სწავლის დაწყების დღეს დამფრთხალ–დაფეთებული ვიყავი, ელეთმელეთი მომდიოდა და გულგახეთქილს შიშისგან სული მელეოდა. ეჭვი მაქვს, დედა და მამაც ნერვიულობდნენ, თუმცა ვითომ სიხარულით აღარ იყვნენ და შინიდან გასვლამდე მე და ვიას სურათები გადაგვიღეს. ვიაც ხომ პირველად მიდიოდა ახალ სკოლაში.

მართალია, ბიჩერის სკოლა სულ რამდენიმე კვარტლის დაშორებითაა, იმ კვარტალში ერთი–ორჯერ ვარ ნამყოფი. საერთოდ, ვერიდები ისეთ ადგილებს, სადაც ბავშვები ტრიალებენ. ჩვენს კვარტალში ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ. ვიცნობ ყველა აგურს, ხესა და ტროტუარის ყველა ბზარს. ამიტომაც  უცნაური იყო, რომ ქუჩებს ისე მივუყვებოდი, თითქოს უცხო ადგილას მოვხვდი. ეიმსფორტ–ავენიუ, სადაც მილიონჯერ ვყოფილვარ, რატომღაც მთლად უცხო მეჩვენებოდა: ვიღაც უცნობი ხალხი ტრიალებდა, ავტობუსს ელოდნენ, საბავშვო ეტლებს მიაგორებდნენ.

გადავჭერით ეიმსფორტი და ჰაიტს–პლეისზე შევუხვიეთ. ვია გვერდით მომყვებოდა, როგორც ყოველთვის, დედა და მამა ჩვენ უკან მოდიოდნენ. როგორც კი კუთხეში შევუხვიეთ, მაშინვე დავინახეთ სკოლის წინ ზღვა ხალხი: ასობით ბავშვი ჯგუფ–ჯგუფად ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ ან მშობლებთან ერთად იყვნენ, რომლებიც სხვა მშობლებს ელაპარაკებოდნენ. თავჩაღუნული მივდიოდი.

– ავგი, ხომ იცი, ყველა შენსავით ნერვიულობს, – წამჩურჩულა ვიამ, – არ დაგავიწყდეს, დღეს აქ ყველანი ახლები არიან, კარგი?

ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი მთავარ შესასვლელთან იდგა და მოსწავლეებსა და მშობლებს ეგებებოდა.

უნდა ვაღიარო: ჯერჯერობით საშინელი არაფერი მომხდარა. არავინ მაშტერდებოდა, ის კი არა, ვერავინ მამჩნევდა. ერთადერთხელ ავწიე თავი და ვიღაც გოგოები დავინახე: ჩემკენ იყურებოდნენ და პირზე ხელმიდებულები ჩურჩულებდნენ, მაგრამ როცა შენიშნეს, რომ ვუყურებდი, მაშინვე თვალი ამარიდეს.

ჩემთვის ჰელოუინი ამქვეყნად საუკეთესო დღესასწაულია. შობასაც კი მირჩევნია. კოსტიუმს ვიცვამ, ნიღაბს ვიკეთებ და ისე მივდი–მოვდივარ, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, ვერავინ ხვდება, რომ საშინელი ვარ. არავინ მაშტერდება. არავინ მამჩნევს. ვერავინ მცნობს.

შესასვლელთნ მივედით.

– აბა, მოვედით, მეხუთეკლასელო, – მითხრა მამამ და ხელები მხრებზე დამადო.

– წარმატებებს გისურვებ. მიყვარხარ, – მითხრა ვიამ, მაკოცა და მომეხვია.

– შენც წარმატებები, – ვუთხარი.

– მიყვარხარ, ავგი, – მამაც გადამეხვია.

– კარგად.

მერე დედამ ჩამიხუტა, მაგრამ მივხვდი, ცოტაც და ატირდებოდა, და სულ მთლად წავხდებოდი, ამიტომ ნაჩქარევად მოვეხვიე, შევედი სკოლაში და გავუჩინარდი.

საოცრება

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ.ჯ. პალაციო