მეექვსე საფეხური
» შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

მე და სტემფორდი ქიმიურ ლაბორატორიაში შევედით. ფართო, მაღალჭერიან ოთახში მხოლოდ ერთი კაცი აღმოჩნდა. იგი მაგიდაზე დახრილიყო და გატაცებით მუშაობდა.

- დოქტორი უოტსონი, მისტერ შერლოკ ჰოლმსი, - გაგვაცნო ერთმანეთი სტემფორდმა.

- როგორ ბრძანდებით? - მკითხა ჰოლმსმა და ხელი ისე ძლიერად ჩამომართვა, რომ სახტად დავრჩი, - როგორც ვხედავ, ავღანეთში ყოფილხართ.

- ეს საიდან გაიგეთ? - ვკითხე გაოცებულმა.

- უბრალო დაკვირვების ამბავია, - მიპასუხა და თავისთვის ჩაიცინა.

- ჩვენ საქმეზე მოვედით, - შენიშნა სტემფორდმა, - ჩემი მეგობარი ბინას ეძებს და რაკი თქვენც შემომჩივლეთ, ამხანაგი ვერ მიშოვიაო, გადავწყვიტე თქვენთვის უოტსონი გამეცნო.

შერლოკ ჰოლმსს, ეტყობა, ჭკუაში დაუჯდა ჩემთან ერთად დასახლების იდეა.

- ერთი პატარა ბინა მომივიდა თვალში ბეიკერსტრიტზე. დაწუნებით ვერაფერს დაუწუნებთ. იმედი მაქვს, თამბაქოს სუნის საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ.

-   მე თვითონ ყოველთვის მაგარ თამბაქოს ვეწევი.

-  ჰოდა, ჩინებულია. საქმე ქიმიურ ნივთიერებებთან მაქვს და ხშირად ვატარებ ცდებს. ეს ხომ არ შეგიშლით ხელს?

-  სრულიადაც არა.

- სხვა რა ნაკლი მაქვს? ხანდახან ვმუნჯდები და მთელი დღეები კრინტს არ ვძრავ ხოლმე. ასეთ დროს არ იფიქროთ, რომ ვიბუტები. ყურადღებას ნუ მომაქცევთ, მალე შუბლი ისევ გამეხსნება. თქვენ რა ცუდი ზნე გჭირთ? სჯობს წინასწარ ვიცოდე, სანამ ერთად დავსახლდებით.

ამ დაკითხვაზე გამეცინა.

- მე ლეკვი მყავს და ხმაურს ვერ ვიტან, ნერვები არ მაქვს წესრიგში.

- ვიოლინოს ჟღერადობას ხომ არ ჩათვლით ხმაურად? - მკითხა მოულოდნელად ჰოლმსმა.

- ეს დაკვრაზეა დამოკიდებული, - ვუპასუხე მე, - კარგი შემსრულებელი ღმერთების ზიარია, ცუდი  კი ...

- ყველაფერი რიგზეა, - მხიარულად გაიცინა ჰოლმსმა, - შეგვიძლია საქმე მოგვარებულად ჩავთვალოთ, თუ ბინაც მოგეწონებათ. შემოიარეთ ხვალ თორმეტი საათისთვის, ერთად წავიდეთ.

-  ძალიან კარგი, ზუსტად თორმეტზე, - ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი.

ჰოლმსი დავტოვეთ და სტემფორდთან ერთად ჩემს სასტუმროს მივაშურეთ.

- სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, საიდან გაიგო, რომ ავღანეთიდან ჩამოვედი? - ვკითხე მეგობარს უკანა გზაზე.

პასუხად მან უცნაურად გაიღიმა.

- სწორედ ეს გახლავთ ამ კაცის თავისებურება. ბევრმა სცადა ამის ახსნა, მაგრამ, ამაოდ.

- ეს პირდაპირ საიდუმლოებით მოცული ამბავია. ძლიერ მადლობელი ვარ, რომ ერთმანეთს შეგვახვედრეთ.

- დააკვირდით და შეისწავლეთ ეს საინტერესო კაცი, - მითხრა სტემფორდმა გამომშვიდობებისას,  - ეს იოლი როდია... სანაძლეოს ვდებ, მან უკვე გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თქვენ მასზე მომავალში შეიტყობთ. ნახვამდის!

- ნახვამდის! - დავემშვიდობე მეც და, ჩემი ნაცნობით ძალზე დაინტერესებული, სასტუმროში შევედი.

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი