მეექვსე საფეხური
» ცირკი მირანდუსი (ნაწყვეტი #1)

ცირკი მირანდუსი (ნაწყვეტი #1)

ოთხი მოკლე სიტყვა - სულ ეს იყო საკმარისი მთელი რიგი მოვლენების დასაწყებად.

ამ სიტყვებს კალმით წერდა მოხუცი კაცი ზედა სართულზე მდებარე წამლების მოტკბო სიმყრალით სავსე ოთახში. ის გამუდმებით ახველებდა და სტვენით სუნთქავდა. ამ სიტყვებით მთავრდებოდა ძალზე მნიშვნელოვანი წერილი, რომელშიც შემდეგი ეწერა:

ვის: სინათლის მომთვინიერებელს

სად: ცირკ „მირანდუსში“

სასწრაფოდ მსურს თქვენთან საუბარი. ვიმედოვნებ, გახსოვართ, მიუხედავად იმისა, რომ ცირკ „მირანდუსში“ მრავალი წლის წინ მიხმეს. რომ იცოდეთ, არასდროს დამვიწყებიხართ. ჩემი სახელია ეფრაიმ ტიტლი და ჩვენ ერთმანეთს ომის პერიოდში შევხვდით, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი ვიყავი.

თქვენ მე სასწაულს შემპირდით.

არ ვიცი, როგორ უნდა მოგაწვდინოთ ეს წერილი.

რა ხანია, ახალგაზრდა აღარა ვარ და ცირკის შესახებ ყურმოკვრითაც კი აღარაფერი მსმენია. მაგრამ თქვენ დამპირდით და მეც მთელი ამ წლების განმავლობაში მჯეროდა, რომ, თუ დამჭირდებოდა, აუცილებლად მოხვიდოდით.

აქ მოხუცი გაჩერდა. გადაიკითხა, მანამდე რაც დაწერა. უკანასკნელი სტრიქონის გამოყვანისას მისმა კალამმა  ღამის ყვითელი ნათურის შუქზე გაიელვა:

ამწუთს თქვენ მე მჭირდებით.

და სწორედ იმწამს, ათასობით მილის დაშორებით, კარავში, რომელიც სინათლის მომთვინიერებელს ეკუთვნოდა, შიკრიკმა გაიღვიძა.

***

მიკა ტიტლი მოხუც ქალბატონებზე საკმაოდ დადებითი აზრისა იყო - ისინი თბილ სვიტერებს ქსოვდნენ, აცხობდნენ შოკოლადის მინანქრიან ტორტებს და ქალაქის კლუბში ბანქოს ძველმოდური თამაშებით ერთობოდნენ.

მიკას პაპიდა გერტრუდა კი  სრულიად სხვანაირი გახლდათ.

იმ კვირადღეს მიკა უკვე მესამედ რეცხავდა ფაიფურის ვარდისფერ ფინჯანს, პაპიდა კი თვალმოუშორებლად უყურებდა. სანამ ქალი ენაგაუჩერებლად ქაქანებდა, მიკა ისეთი მონდომებით ხეხავდა ფაიფურს, რომ უკვე შიშობდა, ფინჯანზე გამოსახული ვარდები ხომ არ გავახუნეო.

პაპიდა გერტრუდა მწარე ენის პატრონი იყო. მას ჭაღარა თმა კეფაზე ისე მაგრად შეეკრა, რომ სახის კანი დასჭიმვოდა და ნაოჭები გასწორებოდა. შავი ჩაი, რომელსაც ფოლადის კრიალა ჩაიდანში ადუღებდა, ისეთივე მწარე იყო, როგორც თვითონ. თანაც მიკას ჩაიში შაქრის ჩაყრის უფლებას არ აძლევდა, რადგან, მისი თქმით, მათ ოჯახს მემკვიდრეობით ცუდი კბილები ერგო.

პაპიდა იმასაც ამბობდა, ოჯახს მემკვიდრეობით გონებასუსტობა დაჰყვაო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ამჩნევდა, რომ მიკა ამ ცუდ გენს გადაურჩა.

ბაბუა ეფრაიმის ავადმყოფობის გამო, პაპიდა გერტრუდა მათთან რამდენიმე კვირის წინ არიზონადან ჩამოვიდა.ის აპირებდა გაეკონტროლებინა, რომ სახლში ყველაფერი „წესისამებრ გაკეთებულიყო“. თავიდან დიდხანს დარჩენას არ ფიქრობდა, მაგრამ მიკას ბაბუა უფრო და უფრო შეუძლოდ ხდებოდა, პაპიდა გერტრუდა კი - უფრო და უფრო აუტანელი.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიკა პაპიდას სიტყვას არ უბრუნებდა, ის იყო, რომ იცოდა, ქალი მთელი დღე სულს ამოხდიდა ათასი წვრილმანის კეთებით, იმის ნაცვლად, რომ ბაბუას მონახულების ნება მიეცა. მიკას მოხუცის „შეწუხების“ უფლება მას შემდეგ აღარ ჰქონდა, რაც ბაბუა ეფრაიმს ერთ დილას წამოსცდა, მიკას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მინდა ვუთხრაო.

ცირკი მირანდუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქესი ბიზლი