მეხუთე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ევროპე)

მითები და ლეგენდები (ევროპე)

აზიის მდიდარი ქალაქის უმდიდრეს მეფეს ლამაზი და სათნო ასული ჰყავდა, რომელსაც ევროპე ერქვა.

ერთ მშვენიერ დილას უცნაური სიზმრით შეშინებულმა ევროპემ თვალები გაახილა თუ არა, მაშინვე წამოხტა და გასამხიარულებლად მეგობრებთან სათამაშოდ გაიქცა.

მისი მორთულ-მოკაზმული მეგობრები ზღვის ახლოს ყვავილების თაიგულებს კრავდნენ. ალისფერ კაბაში გამოპრანჭული მეფის ასულიც ალისფერი ვარდების შეგროვებას შეუდგა და ოქროს კალათა ვარდებით აავსო. ამ დროს, სად იყო და სად არა, შეუდარებელი სილამაზის ხარი გამოჩნდა. ოქროსრქებიან ხარს ოქროსფერ შუბლზე ვერცხლის ნიშანი უბრწყინავდა.

გოგონები სიცილ-კისკისით შემოეხვივნენ ხარს, ყვავილებით შეამკეს, თვალები დაუკოცნეს. ხარს ეს ამბავი ძალიან მოეწონა, გაინაბა და მდელოზე ჩაიჩოქა, თითქოს იხვეწებოდა - ზურგზე შემაჯექითო.

ევროპეს ბევრი არ უფიქრია და ზღაპრული ცხოველის ზურგზე მოკალათდა.

ხარი მაშინვე ადგილს მოსწყდა და ზღვაში შეცურა.

ატყდა ერთი წივილ-კივილი და მითქმა-მოთქმა, მაგრამ რაღას გახდებოდნენ. ხარი მართლა ხარი კი არა, თურმე თვით მეხთამტყორცნელი ზევსი იყო, რომელსაც ევროპესთვის თვალი დაუდგამს და მისი მოტაცება განუზრახავს.

ხარად ქცეულმა ზევსმა ზღვა რომ გადაცურა და სატრფო ნაპირზე გაიყვანა, ევროპეს თავისი სიზმარი გაახსენდა: თითქოს აზია და მისგან ზღვით გამოყოფილი მიწის დიდი ნაწილი ქალებად იქცნენ, ერთმანეთს წაეჩხუბნენ, ევროპეს გამზრდელი აზია დამარცხდა და გაზრდილი უცხო ქალს დაუთმო.

მაშინღა ახსნა ევროპემ სიზმარი, ოღონდ ის კი არ მოჰფიქრებია, რომ მიწას, რომელსაც ზევსთან ერთად დაადგა ფეხი, მის სახელს დაარქმევდნენ და საუკუნეების შემდეგაც ყველას ეხსომებოდა ოქროსრქიანი ხარის მოტაცებული მეფის ასული.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: