მეხუთე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (სოფონისბა ანგისოლა)

ცნობილი ადამიანები (სოფონისბა ანგისოლა)

დიდი იტალიელი მხატვარი ქალი, სოფონისბა ანგისოლა, დაიბადა 1532 წელს კრემონში, იტალიაში. გოგონა შვიდ დას შორის ყველაზე უმცროსი იყო, დედა ადრევე გარდაეცვალა, აღზარდა მამამ - უცნაურმა და საინტერესო პიროვნებამ. ის გატაცებული ყოფილა ძველი ბერძნული და რომაული ხელოვნებით, მითოლოგიით და ისტორიით, ამიტომ ერთ-ერთ გოგონას მან ევროპა დაარქვა, მეორეს - მინერვა, სოფონისბა კი ლეგენდარული კართაგენელი მხედართმთავრის, ჰასდრუბალის ქალიშვილს ერქვა. დები არაჩვეულებრივად ხატავდნენ, მამაც ყოველმხრივ ცდილობდა მათი ნიჭის განვითარებას და იმ დროის სხვა მამებივით არ ფიქრობდა, გოგონებისთვის მხოლოდ ხელსაქმე და საჭმლის მომზადებაა საკმარისი სარფიანად გათხოვებისთვისო.

სოფონისბას მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი ბავშვობიდანვე გამოუვლენია, მამამ მას პედაგოგიც კი აუყვანა, რომელიც ხატვას ასწავლიდა. სოფონისბაც ბეჯითი მოსწავლე აღმოჩნდა. სულ მალე მან დამოუკიდებლად დაიწყო ხატვა და წარმატებასაც მიაღწია. მისი ნახატები ვიწრო ოჯახურ წრეს მალე გასცდა და ის ბევრმა გაიცნო. ამ წარმატებაში მამის დამსახურებაც დიდია - ის ხშირად აწყობდა გამოფენებს და ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეწყო შვილისთვის.

მისი ნამუშევრების შესახებ ესპანეთის სამეფო ოჯახმა შეიტყო. მეფე ფილიპემ ის თავისთან მიიწვია.1558 წელს სოფონისბამილანში ჩავიდა და კარის მხატვრის საპატიო წოდებაც მიიღო. მოგვიანებით მას თავად რომის პაპიც კი აძლევდა შეკვეთებს, ეს კი იმ ეპოქის მხატვრისთვის წარმატების მწვერვალი გახლდათ...

სოფონისბას შემოქმედება მრავალფეროვანია. ის ხატავდა პორტრეტებს, დახატული ჰყავს ესპანეთის სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი, ხშირად ხატავდა ავტოპორტრეტებსაც.

აღსანიშნავია, რომ სიცოცხლეშივე სოფონისბა დაფასებული და აღიარებული მხატვარი ყოფილა, სამწუხაროდ, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაბნეული ან დაკარგულია.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მხატვარს მხედველობა გაუფუჭდა, თუმცა თავის საყვარელ საქმეს ის ვერ ელეოდა. უკანასკნელი ავტოპორტრეტი მან ფაქტობრივად დაბრმავებულმა დაასრულა 88 წლის ასაკში.

სოფონისბა ანგისოლა გარდაიცვალა 1620 წელს.

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: