მეხუთე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ჰანს ქრისტიან ანდერსენი - ბიოგრაფია)

ცნობილი ადამიანები (ჰანს ქრისტიან ანდერსენი - ბიოგრაფია)

ჰანს ქრისტიან ანდერსენი, დანიელი მწერალი და უამრავი ზღაპრის ავტორი, დაიბადა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ორ აპრილს. (სწორედ ამიტომ არის ორი აპრილი ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღე). მისი მამა ღარიბი მეწაღე* იყო, დედა კი მრეცხავი. მამა ხშირად უყვებოდა მას უცნაურ და გამოგონილ ისტორიებს, ისიც კი დააჯერა, მეფის ნათესავი ხარო. ჰანსსაც მოსწონდა ამბების მოფიქრება და ფანტაზიორობა. განსაკუთრებით უყვარდა თოჯინების თეატრი, თვითონ ამზადებდა თოჯინებს და  წერდა სცენარებს წარმოდგენებისთვის.

 

მამის სიკვდილის შემდეგ პატარა ჰანსს და დედამისს ძალიან გაუჭირდათ.  ჰანსი იძულებული იყო ემუშავა ხან მქსოველის, ხანაც მკერავის შეგირდად.

 

14 წლისამ დატოვა მშობლიური პატარა ქალაქი და დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში გაემგზავრა.

 

დედის შეკითხვაზე:  „რა უნდა აკეთო იქ?“ ჰანსმა უპასუხა: „ცნობილი უნდა გავხდე!“ ჰანსმა ბევრი სირთულის და წინააღმდეგობის მიუხედავად მიზანს მიაღწია და მართლაც გახდა ცნობილი და წარმატებული მეზღაპრე.

 

ჰანს ქრისტიან ანდერსენი, გარდა ზღაპრებისა, წერდა პიესებს* და რომანებსაც*, მაგრამ მკითხველებს ყველაზე მეტად მისი ზღაპრები მოსწონთ და უყვართ.

 

ამბობენ, ანდერსენი ძალიან ბრაზობდა და არ მოსწონდა, როცა მას საბავშვო მწერლად და მეზღაპრედ მოიხსენებდნენო. ძეგლის დადგმისას მან აუკრძალა ძეგლის ავტორებს ბავშვების ფიგურების ჩადგმა თავისი გამოსახულების გვერდით.

 

„ზღაპარი ოქროა. ფასდაუდებელი განძი, რომელსაც ბავშვების თვალებში აღმოაჩენთ, როცა წაუკითხავთ“ – ამბობდა დიდი დანიელი მწერალი – ჰანს ქრისტიან ანდერსენი.

 

განმარტებები:

*მეწაღე –  ფეხსაცმელების მკერავი.

*პიესა – ტექსტი თეატრალური დადგმისთვის.

*რომანი – დიდი ზომის ნაწარმოები.

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: