მეხუთე საფეხური
» სხვადასხვა (სპორტი)

სხვადასხვა (სპორტი)

სპორტი ადამიანის სხეულის განვითარებისთვის, გამაგრებისთვის და გაკაჟებისთვის საჭირო და აუცილებელი საქმიანობაა. ზოგი ადამიანი სპორტს გასართობად და  ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მისდევს. ისინი სპორტის მოყვარულები არიან. იმას კი, ვინც სპორტით ირჩენს თავს და სხვადასხვა შეჯიბრში მუდმივად მონაწილეობს, პროფესიონალი სპორტსმენი ეწოდება.

 

სპორტის უამრავი სახეობა არსებობს. არის საწყლოსნო  სპორტი, მაგალითად, ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა, აფროსნობა. საწყლოსნო სპორტის სახეობებიდან ზოგიერთი აუზის სპორტია, სხვებს კი ღია ცის ქვეშ მისდევენ – მდინარეებში, ტბებსა ან ზღვებში.

 

ცალკეა საბრძოლო ხელოვნება – ასე ეწოდება სპორტის იმ სახეობებს, რომლებშიც ძალა და ბრძოლის ოსტატობაა საჭირო. მაგალითად, კრივი, ჭიდაობა, ფარიკაობა...

 

ბურთის გამოყენებითაც უამრავი თამაში არსებობს. ზოგიერთი ნელი და აუჩქარებელია (კეგლი, გოლფი), ზოგი კი სისწრაფეს, აქტიურობას და დიდ ძალას მოითხოვს მოთამაშისგან ( ალათბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი...)

 

სპორტის ზამთრის სახეობებში ყველაზე ცნობილია სათხილამურო სპორტი. ბიატლონიც ზამთრის სახეობაა და ის ორი სახეობის ნაზავია. სპორტსმენები თხილამურებით რბოლასა და შაშხანის სროლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

 

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ადამიანი უძველესი დროიდანაა დაკავებული სპორტით. მათ შეისწავლეს გამოქვაბულებში აღმოჩენილი ნახატები და დაასკვნეს, რომ გამოქვაბულებში მცხოვრები ადამიანებიც ვარჯიშობდნენ, რათა გაეუმჯობესებინათ სხვადასხვა უნარი. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი იყო სწრაფი სირბილი, რადგან მტაცებელი ცხოველებისგან თავის დაცვა ხშირად მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი. ნადირობისა და საკვების მოპოვებისთვის კი მათ ძალა და გამძლეობა სჭირდებოდათ.

 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც სპორტს უკავშირდება, არის ოლიმპიური თამაშები. ოლიმპიური თამაშები თავდაპირველად მხოლოდ ძველ საბერძნეთში ტარდებოდა. ახლა კი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება სხვადასხვა ქალაქში. პირველი ოლიმპიური თამაშები საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში ტარდებოდა და შეჯიბრებების დროს წყდებოდა ომები და ბრძოლები. შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ, ქალები მაყურებლებადაც კი არ დაიშვებოდნენ. მონაწილეები ტანსაცმლის გარეშე  ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული ჯილდოვდებოდა დაფნის ტოტებისგან შეკრული ტოტებით.

 

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: