მეხუთე საფეხური
» სხვადასხვა (ჯომარდობა ანუ რაფტინგი)

სხვადასხვა (ჯომარდობა ანუ რაფტინგი)

ჯომარდობა (იგივე რაფტინგი) არის სპორტის და დასვენების ერთ–ერთი სახეობა, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი, ძალიან გამძლე რეზინის ნავი. საჯომარდო ნავებს ამზადებენ სპეციალური მრავალფენიანი რეზინისგან. ნავები 3.5 მეტრიდან 6 მეტრამდე სიგრძისაა, მათი სიგანე კი 1.8 მეტრიდან 2.5 მეტრამდე შეიძლება იყოს.

 

ამ ნავით მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები მთის სწრაფ და სახიფათო მდინარეებზე ეშვებიან. ნავში მჯდომმა ისე უნდა მართოს ის, რომ არც კლდეებს და ქვებს შეეჯახოს და არც ნავი ამოაყირაოს. მდინარეში ჩაშვების წინ ყველა მონაწილეს ურიგდება სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი თავის დასაცავად.

 

ნავები სხვადასხვა ზომის და ფორმისაა. არსებობს ერთადგილიანი და 4-იდან 12 ადგილიანი ნავები.

 

ჯომარდობა სპორტის არც თუ უსაფრთხო სახეობაა. თუ ადამიანი პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე, დამოუკიდებლად გადაწყვეტს სწრაფ მდინარეზე ნავით დაშვებას, შესაძლოა, ნავი ამოყირავდეს ან ნაპირს მიასკდეს. მონაწილეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ნავში ჩაჯდომის წესები და ისიც, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მდინარეში გადავარდნის შემთხვევაში. ნავში მსხდომთ საფრთხეს უქმნის მდინარის ჩქარი ნაკადი, ასევე ჩქერები, მორევები, წინააღმდეგობები ლოდებისა თუ მორების სახით.

 

თუ უსაფრთხოების წესები დაცულია, ჯომარდობა სასიამოვნო და საინტერესო გასართობად იქცევა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება იმის მიუხედავად, არის თუ არა ის პროფესიონალი სპორტსმენი.

 

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: