მეხუთე საფეხური
» უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #8)

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #8)

სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო აზიაში მრავალი ქვეყანა და მიადგა დიდ მდინარე არაქსს. აქ დაბანაკდა და მისწერა ამ მდინარის გაღმა მდებარე ქვეყნის-მასაგეტის დედოფალს, ტომირისს:

„მე, კიროს დიდმა, დავიპყარ ეგვიპტე და აზიის მრავალი ქვეყანა:კილიკია, მილეტი, ლიდია, მიდია, ბაბილონი, ასურეთი და ახლა მსურს გავხდე შენი ქვეყნის, მასაგეტის მფლობელიც. შენ უნდა გამომყვე ცოლად და შენი ქვეყანაც ნებაყოფილობით შემოუერთო ჩემს დიდ სამფლობელოს. თუ შენ ამაზე თანახმა არ იქნები, იმ შემთხვევაში, გამოდი არაქსზე შენი ჯარით ან მე შემოვიყვან ჯარს შენს ქვეყანაში და მე როგორც ყოველთვის გავიმარჯვებ, შენს ქვეყანას ნაცარტუტად ვაქცევ, ავაოხრებ და შენ და შენს ხალხს ჩემს მონებად გაგხდით".

როდესაც ეს ეპისტოლე მიიღო, ტომირისმა შეკრიბა ვეზირები და წაუკითხა კიროსის წერილი. დიდებულები აღშფოთდნენ, სასწრაფოდ თათბირი გამართეს და გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ სპარსეთის შაჰს. ვეზირების ნაწილი სასწრაფოდ ჯარის გამოყვანის მომხრე იყო, მათ ძალის გამოყენებით სურდათ კიროსისთვის ჭკუა ესწავლებინათ, თუმცა ტომირისმა სხვა გზა აირჩია:

- ჩვენ არ დავემორჩილებით კიროსს, მაგრამ მე ვფიქრობ, იქნებ უბრძოლველად მოვაგვაროთ საქმე... კიროს მეფეს დიდი ჯარი ჰყავს, საუკეთესოდ შეიარაღებული. შევეცდები მოლაპარაკებით მოვაგვარო საქმე. საპასუხო წერილს მივწერ, ვნახოთ, რა მოხდება...

ტომირისმა მწერალს საპასუხო წერილი უკარნახა. მწერალმაც გრძლად დახვეულ პაპირუსის ფურცელზე დაწერა და შემდეგ დიდებულებს წაუკითხა. აი, რა ეწერა წერილში:

„მე, მასაგეტის დედოფალი ტომირისი, გწერ შენ, კიროს მეფეს, შენი ეპისტოლის პასუხს. გონს მოდი, იკმარე ამდენი მსხვერპლი, აოხრება, აწიოკება, სისხლისღვრა. რას ეძებ? რა გინდა ჩვენგან? ჩვენ არ ვართ მდიდრები, ოქროებს აქ ვერ იპოვი, ჩვენ მხოლოდ თავისუფლება გვინდა. მე და ჩემი ერი გირჩევთ, ხელი აიღო ჩვენთან ბრძოლაზე, დაუბრუნდე შენს ხალხს და მოუარო შენს ქვეყანას მშვიდობით! ჩვენც მოგვეცი საშუალება ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში. თუ არ დაიშლი და მაინც ომს გადაწყვეტ, იცოდე, ჩვენც მაგრად დაგიხვდებით. სიმართლე ჩვენ მხარეზეა და გეშინოდეს სამართლიანი სასჯელის".

მეფე კიროსი ამ საპასუხო წერილის წაკითხვისთანავე აღშფოთდა. მერე განრისხდა და თან გაუკვირდა კიდეც: „დედაკაცი მიბედავს მე, დიდი სპარსეთის უძლეველ მეფეს ამგვარ პასუხს?" - იფიქრა და მაშინვე ბრძანა ლაშქრის გადასხმა მდინარეზე.

სპარსელებს მასაგეტელებიც მომზადებულები დახვდნენ. იმდენად, რომ საუკეთესოდ შეიარაღებულმა სპარსელებმა სამი თვის განმავლობაშიც კი ვერ მოახერხეს საბოლოო გამარჯვების მოპოვება. 

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე