მეხუთე საფეხური
» უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

მეფე ვახტანგი აუჩქარებლად შემოვიდა არმაზ-ციხის ალაყაფის კარებში. ის თავის თეთრ ბედაურზე იყო ამხედრებული. მისი ფარ-ხმალი დ ჯავშან-მუზარადი ბრწყინავდა მზეზე. მის ვაჟკაცურ, გაშუქებულ სახეს შვენოდა ღიმილი. სიხარული და ძლევამოსილება ენთო მის დიდრონ თვალებში. ნაღარ-საყვირისა და დაფის ხმამ მოიცვა მთელი ქალაქი და გრგვინვასავით იგრიალა ხალხის გულიდან ამოხეთქილმა მისალმებამ:

- გაუმარჯოს ჩვენს ლომგულ მეფეს!

- დღეგძრელი იყოს ჩვენი სამშობლოს დამცველი მეფე ვახტანგი!

და ცას აბნელებდა ხალხის მიერ სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ჰაერში ატყორცნილი ქუდები და ყაბალახები.

მეფეც მხიარული და ბედნიერი პასუხობდა:

- ღმერთმა გამარჯვება ნუ მოაკლოს ქართველ ერს - და ორივე მხრივ სალამს აძლევდა ყველას.

მეფეს მოჰყვებოდნენ დიდებულები, შემდეგ - მძევლად წამოყვანილი ირანის შაჰის შვილი პატარა ხოსრო.

პატარა ხოსრო იჯდა ფარჩის საფენგადაფარებულ აქლემზე და გვერდით მეორე აქლემით ლალა მოჰყვებოდა. ბავშვს ხელში ნაცარა, მოცისფრო, ლამაზი, ქოჩორა ფრინველი ეჭირა. შემდეგ მოდიოდა მშვილდ-ისრითა და შუბებით შეიარაღებული ჯარი, ტყვეები, აუარებელი ალაფით დატვირთული ჯორ-აქლემები და ისევ ჯარი.

მიუახლოვდა თუ არა მეფე სასახლეს, გადმოხტა ცხენიდან და მხიარულად, სწრაფი ნაბიჯით გასწია კარებისკენ. დარბაზიდან მორბოდა ძვირფას ძოწეულის ტანისამოსში, წითელ სანდლებში გამოწყობილი, ოქროს ფარფლებით თავმორთული პატარა გოგონა. მისი ხმა ზარივით წკრიალებდა:

 - მამა, მამა მოვიდა...

 

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე